თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ამერიკელი ლიდერების ცალკეული დაუფიქრებელი განცხადებები რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობებს საფრთხის ქვეშ აყენებს, ნათქვამია ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს განცხადებაში.
მანამდე, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ფონზე, რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ-დან ელჩი ანატოლ ანტონოვი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. საელჩოში აღნიშნავენ, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი ჩიხშია შესული და კონსულტაციების დროს მთავარი – ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლის გზების მოძიებაა. ამასთან, საგარეო უწყების სურვილია – არ დაუშვას „შეუქცევადი დეგრადაცია, თუ ამერიკელები ამასთან დაკავშირებულ რისკებს გააცნობიერებენ“.
საელჩოს განცხადებით, ანტონოვი ვაშინგტონიდან მოსკოვში 20 მარტს გაფრინდება.
დიპლომატიურ მისიაში აღნიშნავენ, რომ „შექმნილი სიტუაცია ვაშინგტონის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომელმაც ბოლო წლების მანძილზე ურთიერთობები ჩიხში შეიყვანა“.
„ჩვენი ქვეყნის მიმართ ადმინისტრაციის არაკონსტრუქციული კურსი არ პასუხობს რუსეთისა და აშშ-ის ინტერესებს, ამერიკელი ხელმძღვანელების ცალკეული დაუფიქრებელი განცხადებები კი ჩამოშლის საფრთხის წინაშე აყენებს ისედაც კონფრონტაციულ ურთიერთობებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საელჩოში აცხადებენ, რომ აშშ-თან ურთიერთობების დალაგებას მხარს უჭერენ და აღნიშნავენ, რომ ორივე მხარე გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია და „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ“.
უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ელჩის მოსკოვში კონსულტაციებზე გამოწვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მსგავსი სიტუაცია არ ახსენდება.
ოთხშაბათს შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ საექსპორტო შეზღუდვები გააფართოვა: რუსეთი დაემატება იმ ქვეყნების სიას, რომლებსაც იარაღისა და თავდაცვის სერვისების ექსპორტი და იმპორტი მთლიანად აკრძალული აქვთ.
აშშ-ის სავაჭრო სანქციები შეეხება ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებულ ექსპორტს, რომელიც ძალაში 18 მარტიდან შევა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ვითარება და „ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება“ გახდა.
გარდა ამისა, გუშინ გასაჯაროვდა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცდილობდა ხელი შეეშალა ჯო ბაიდენის გამარჯვებისთვის და დახმარებოდა დონალდ ტრამპის ხელმეორე არჩევას, ასევე „დაეთესა შუღლი“ ამერიკულ საზოგადოებაში. დოკუმენტში ასევე დაანონსებულია ახალი სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ.
კრემლში მოხსენებას „უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი“ უწოდეს. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთს აშშ-ის არჩევნებში რომელიმე კანდიდატთან დაკავშირებით არანაირ კამპანიასთან კავშირი არ ჰქონია. მისი თქმით, ასეთი „უხარისხო“ მასალები ახალი სანქციების საბაბად გამოიყენება.
თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ახალ სანქციებს „მშვიდად“ ხვდებიან – მსგავსი ზომები 90-ზე მეტჯერ შემოიღეს. ამასთან, უწყებაში მიუთითეს, რომ სანქციებით ზეწოლის გაძლიერება რუსეთზე „არ ზრდის შანსებს“ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგის ნორმალიზებისთვის, ვითარების გაუარესებაზე კი სრული პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება.