თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი ამხილეს. ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა გააყალბეს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც მათ თითქოს სარგებლობაში ჰქონდათ მცხეთის რაიონში მდებარე 600 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. ბრალდებულებმა ცრუ მოწმეების მონაწილეობით აღნიშნული მიწის ნაკვეთის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი ყალბი ოქმი შექმნეს, რომლის გამოყენებითაც მიწის ნაკვეთი ერთ-ერთი ფიზიკური პირის სახელზე დაარეგისტრირეს.
ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთის ჯამური ღირებულება 36 ათას ლარს შეადგენს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით შესაბამისი პროცედურები უკვე მიმდინარეობს.
გენინსპექციამ თაღლითობისთვის ორგანიზებული ჯგუფი დააკავა – მათ შორის სამართალდამცველია>>
საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით (თაღლითობა და ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) დაიწყო. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.