თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს ახსნა-განმარტების მიცემა დასჭირდა, თუ რატომ არ გაიკეთა ერთ-ერთმა პირველმა ვაქცინა და ეს გადაწყვეტილება დაკავშირებული ხომ არ არის ევროპის რიგ ქვეყნებში პრეპარატ AstraZeneca-ს გამოყენების შეჩერებასთან.
როგორც მინისტრმა განაცხადა, მან თავისი ვაქცინა მედიკოსებს დაუთმო.
მისი თქმით, ის, რომ დღეს ქვეყანაში ექიმების და არა სხვა ჯგუფების წარმომადგენლების ვაქცინაცია მიმდინარეობს, ეს მეტყველებს იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე, ვისაც ინფიცირებულებთან უშუალო კონტაქტი აქვს.
„ეს არის სოლიდარობა, როდესაც ჩვენ ჩვენს დოზა ვაქცინას ექიმებს ვუთმობთ... თუ საზოგადოებაში ეს ფაქტი კითხვებს ბადებს, პრობლემას ვერ ვხედავ უახლოეს დროში აცრა გავიკეთო. საქართველოში მალე სხვა ვაქცინებიც შემოვა, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება იყოს კითხვები და რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ან სხვა საჯარო პირი საჯაროდ გაიკეთებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ტიკარაძის თქმით, რაოდენობა დიდი არაა იმ ექიმების, ვინც ვაქცინაციის პირველ დღეს აცრა გაიკეთა, რაც ანტივაქსერული კამპანიის შედეგია, თუმცა ვაქცინაციაზე სამედიცინო პერსონალის უკვე 3,5 ათასი წარმომადგენელი დარეგისტრირდა.
„ის, რომ ეს პროცესი იქნებოდა რთული, ჩვენ ვიცოდით. დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინისადმი სანდოობა ეტაპობრივად გაიზრდება. ჩვენი ექიმები, რომლებიც მოწინავე ხაზზე იმყოფებიან, პრიორიტეტს წარმოადგენენ და ჩვენ ჩვენს ვაქცინას მათ ვაძლევთ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ამ დროისათვის საქართველოში ვაქცინაციის 29 ცენტრი ფუნქციონირებს. 17 მარტიდან კიდევ გაიხსნება ვაქცინაციის 35 პუნქტი, 19 მარტიდან – 23 პუნქტი. ჯამში ვაქცინაციის პროცესში 82 დაწესებულება ჩაერთვება. ხოლო მას შემდეგ, რაც ქვეყანა მასობრივ იმუნიზაციაზე გადავა, საქართველოს მასშტაბით მობილიზებული იქნება 200-ზე მეტი დაწესებულება, აღნიშნა ტიკარაძემ.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. დაპირებულ Pfizer-ის ვაქცინას ქვეყანა მარტის ბოლოსთვის ელოდება.
ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ-ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას მედპერსონალი ექვემდებარება. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.
პირდაპირ ეთერში ვაქცინაცია უკვე ჩაიტარეს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და სამედიცინო სფეროს სხვა წამყვანმა ექიმებმა.
ეპიდემიოლოგების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ წელს საქართველო მოახერხებს 1,6–1,7 მილიონამდე ადამიანის აცრას, ქვეყანა შეძლებს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.