თბილისი, 15 მარტი – Sputnik. ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც იღებს შეთანხმებაში ოპოზიცია, არის მათი შემოსვლა პარლამენტში, ამის შესახებ განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონის მმართველი პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კვირას თავისი ვიზიტი თბილისში ერთი დღით გააგრძელა. ის ორშაბათს, დილით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა და ამის შემდეგ უკვე ცნობილი გახდა, რომ მისი ვიზიტი გაურკვეველი დროით გაგრძელდა და ის საქართველოში იქამდე დარჩება, სანამ კონკრეტული შედეგი არ იქნება მიღწეული მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში. მხარეები ცდილობენ შეათანხმონ ექვსპუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც, ოპოზიციის მოთხოვნებზე დაყრდნობით, თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შეადგინა.
„არის არაერთი პუნქტი იმ მონახაზში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც იღებს ამ შეთანხმებაში ოპოზიცია, ეს არის მათი შემოსვლა პარლამენტში. ანუ ვერ დაამტკიცეს არჩევნების გაყალბება და პრაქტიკულად იქით ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს და შეთანხმების ხელმოწერით დასრულდება.
„კონსულტაციები გაგრძელდება, და ამ შემთხვევაშიც სამწუხაროდ გვიწევს დეტალების გასაჯაროებისგან თავის შეკავება. სავარაუდოდ ხვალ გაგრძელდება კონსულტაციები. ეს არის მიმდინარე პროცესი. კვლავაც ძალაშია პირობა, რომლის მიხედვითაც ჩვენ არ ვასაჯაროებთ დეტალებს. შესაბამისად, გაგვიჭირდება კონკრეტიკაზე საუბარი, თუმცა ყოველი შემდეგი შეხვედრა ნიშნავს წინ წაწევას კონკრეტული მიმართულებებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. ის აქ სამი დღით დარჩენას გეგმავდა, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ ეს დრო კრიზისის დასაძლევად საკმარისი არაა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ექვსპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა - ამბიციური საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, „პოლიტპატიმრებისა“ და პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი, ძალების გადანაწილება პარლამენტში და პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და დიალოგის სავალდებულო გაგრძელება.
დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს მათ შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლება განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.
კრიზისი განსაკუთრებით 23 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებამ გაამძაფრა.