თბილისი, 11 მარტი – Sputnik. პარლამენტის დეპუტატებმა მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსა“ და ოპოზიციურ პარტია „მოქალაქეებს“ შორის შეთანხმების საფუძველზე „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მოამზადეს, რაც 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას ეხება.
ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კოდექსში მკაფიოდ იქნება განსაზღვრული რაიონის თითოეულ საკრებულოში დეპუტატების რაოდენობა. ასევე პარტიული სიებითა და ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში დეპუტატობის კანდიდატთა თანაფარდობა.
ცვლილებების თანახმად, ყველაზე მრავალრიცხოვანი ოზურგეთის რაიონის საკრებულო იქნება – 45 დეპუტატი, ყველაზე მცირერიცხოვანი კი ყაზბეგის რაიონის საკრებულო – 18 დეპუტატი.
ქვეყნის მოსახლეობა, თბილისის გარდა, 63 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევს. რაიონებში მაჟორიტარების რაოდენობა დეპუტატების საერთო რაოდენობის ერთი მესამედი იქნება. ამასთან, ადგილობრივ არჩევნებზე ყველა რაიონში, თბილისის გარდა, პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 3%, ნაცვლად 4%-ისა, როგორც მოქმედ საარჩევნო კოდექსშია გაწერილი.
რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, იგი 50 დეპუტატით დაკომპლექტდება, თუმცა მაჟორიტარების რაოდენობა 25-დან 10-მდე შემცირდება. დანარჩენი 40 ადგილი გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც მიიღებენ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 2,5%-ს (მოქმედ კანონმდებლობაში 4%-ია).
ამასთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკო ვალდებული იქნება ელექტრონული წესით განახორციელოს ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცედურები, კენჭისყრა, ხმების დათვლა და შედეგების შეჯამება.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა.
მოხდება ამომრჩევლის ელექტრონული რეგისტრირება, ხოლო ელექტორნული მთვლელით ბიულეტენების დათვლა მოხდება სულ მცირე იმდენ უბანში, რამდენიც საჭიროა ამ ოლქის სოციოლოგიურად ვალიდური შედეგების გამოსავლენად.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი განსახილველად გადაეგზავნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR), რომლის დასკვნასაც – შენიშვნებითა და რეკომენდაციებით – ქართული მხარე დაელოდება.