თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს, რომელიც კარდინალურად გააუმჯობესებს საარჩევნო სისტემასა და საარჩევნო პროცედურებს, განაცხადა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა.
4 თებერვალს პარტია „მოქალაქეებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადეს სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც საარჩევნო რეფორმაზე იმუშავებს. ეს გახდა ორ პარტიას შორის გაფორმებული მემორანდუმის შესრულების პირველი ნაბიჯი. მოგვიანებით მემორანდუმს კიდევ ერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ შეუერთდა.
ცვლილებები ეხება როგორც საპარლამენტო, ისე თვითმმართველი ორგანოების არჩევნებს.
„დღეს ჩვენ ვდგამთ მეორე ნაბიჯს და საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტს, რომელიც სამუშაო ჯგუფის მიერ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციის საფუძველზე მომზადდა. ეს პროექტი ფუნდამენტურად გააუმჯობესებს როგორც საარჩევნო სისტემას, ისე საარჩევნო პროცედურებს და დაასრულებს ყველა სახის სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ისაუბრა მთავარ ცვლილებებზე, რასაც ითვალისწინებს საარჩევნო რეფორმა. პირველ რიგში ესაა ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმების დათვლის ელექტრონული სისტემების შემოღება. იზრდება საარჩევნო საკითხთან დაკავშირებული საჩივრების შეტანისა და განხილვის ვადები. მომდევნო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-ზე ქვემოთ დადგინდება – ზღვარის განსაზღვრა მოხდება საჯარო და საპარლამენტო დებატების ფარგლებში.
მომდევნო არჩევნებზე თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის თვითმმართველ ქალაქებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება ოთხი პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება ორი პროპორციული წესით არჩეული წევრი.
საარჩევნო ბარიერი ქალაქის თვითმმართველობებში – თბილისის საკრებულოს შემთხვევაში შეადგენს 2,5%-ს, სხვა თვითმმართველობებში – არაუმეტეს 3,2%-ს. „ეუთო/ოდირის“ რეკომენდაციების შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად განახლდება.
პაპუაშვილის თქმით, მემორანდუმის ერთადერთი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე ღიად რჩება, საარჩევნო ბარიერს და მის დაწევას ეხება.
დღევანდელ დღეს ისტორიულს უწოდებს პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი. მისი თქმით, საბოლოო ჯამში შესაძლებელი გახდა შეთანხმების მიღწევა და იმ დოკუმენტის მიღება, რომელიც საქართველოში საარჩევნო სისტემას უკეთესობისკენ შეცვლის.
„ეს დოკუმენტი არჩევნებს უფრო გამჭვირვალეს და გასაგებს გახდის. ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ, ალეკო ელისაშვილთან ერთად, ვთვლით, რომ ძალზე კარგად შევასრულეთ ჩვენი ამოცანა, რისთვისაც პარლამენტში შევედით. ეს ცვლილებები ყველა შემდგომ არჩევნებს უფრო სანდოს გახდის“, – განაცხადა იოსელიანმა.
პაპუაშვილმა და იოსელიანმა პარლამენტს გარეთ დარჩენილ ოპოზიციას კანონპროექტის განხილვაში ჩართვისა და საარჩევნო სისტემის რეფორმაში საკუთარი წვლილის შეტანისკენ მოუწოდეს.