თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. პოლიტიკური კრიზისის და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრა – ეს საკითხები გახდა მთავარი აქცენტები ევროკავშირის ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების და წამოწყებების ერთგული რჩება, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებსაც მან ყურადღება უნდა მიაქციოს.
ანგარიშში ყველაზე მეტად კრიტიკული დამოკიდებულებაა გამოთქმული მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. მასში აღნიშნულია, რომ საზოგადოების ნდობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ კვლავ დაბალია. ასევე ნახსენებია პარლამენტის მიერ ვენეციის კომისიის თვალსაზრისის იგნორირება სასამართლო სისტემის რეფორმების პაკეტის მიღებისას. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მისი გამჭვირვალობა კვლავ პრობლემად რჩება.
კიდევ ერთი აქცენტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გახდა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ არჩევნები კონკურენტული და ძირითადად თავისუფალი იყო, მაგრამ მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის მკაფიო ზღვარის არარსებობამ, ასევე ამომრჩევლებზე ზეწოლის ბრალდებებმა შეამცირა საზოგადოების ნდობა შედეგების მიმართ.
თუმცა ამასთან ერთად დოკუმენტში ნათქვამია, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის აუცილებელია მიღწეულ იქნას პოლიტიკური შეთანხმება, რათა პარლამენტში საარჩვენო რეფორმაზე მუშაობა დაიწყოს.
ამავე დროს მოხსენებაში აღნიშნულია დადებითი ტენდენციები ვაჭრობის, ეკონომიკის, მშრომელთა უფლებების დაცვის, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში, ასევე ადმინისტრირების სფეროს სამთავრობო რეფორმები, ახალი ტყის კოდექსი და კანონი კონკურენციის შესახებ.
საქართველომ და ევროკავშირმა ივნისში ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას. 2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზიტებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზები გააუქმა.