თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ვალის ეფექტიანი მართვის მიზნით ახალი ევროობლიგაციების გამოსაშვებად ემზადება, მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის და სახელმწიფო გარანტიებით აღებული სესხების მოცულობა 2020 წელს გაიზარდა 31,3%-ით და 7,5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.
მთავრობის სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტი „საქართველოს ახალი ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით საინვესტიციო ბანკების შერჩევის პროცედურების ინიცირების შესახებ“.
„ვალის ეფექტიანი მართვის მიზნებიდან გამომდინარე, რაც მთავრობის ვალის პორტფელში რეფინანსირების რისკების შემცირებას გულისხმობს, არსებული ევრობონდის ძირითადი თანხის დაფარვისთვის საჭიროა მოხდეს ფინანსური რესურსის მოზიდვა ახალი ევრობონდის გამოშვებით და ჩვენ სწორედ ამ პროცესისთვის მზადებას ვიწყებთ. შესაბამისი დავალება ფინანსთა სამინისტროს უკვე მიცემული აქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ 2011 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა ათწლიანი დაფარვის ვადის ევროობლიგაცია 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ძირითადი თანხის დაფარვის ვადაა 2021 წლის აპრილი. მთავრობის მეთაურის განმარტებით, არსებული ევრობონდის ძირითადი თანხის დასაფარად საჭიროა ფინანსური რესურსის მოზიდვა ახალი ევრობონდის გამოშვებით.
რამხელა ვალი აქვს საქართველოს
საქართველოს მთავრობის საგარეო სესხმა 2020 წელს შეადგინა დაახლოებით 7,2 მილიარდი დოლარი - 2019 წელთან შედარებით ის 30,4%-ით გაიზარდა, ხოლო ეროვნული ბანკის ვალი თითქმის 50%-ით გაიზარდა და ის 373 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.
საქართველოს ვალი საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე 2020 წელს გაიზარდა 27,6%-ით და 5 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. ქვეყნის ყველაზე დიდი კრედიტორი მსოფლიო ბანკია - 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციის 2,1 მილიარდი დოლარი ვალი ჰქონდა - 9,5%-ით მეტი, ვიდრე 2019 წელს.
ხოლო საქართველოს მთლიანი ვალი 17 კრედიტორი ქვეყნის წინაშე 2020 წელს 55,2%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. საქართველოს ყველაზე მეტი გერმანიის მართებს - დაახლოებით 731,5 მილიონი დოლარი, რაც 95%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს.
საგარეო ვალი ასევე მოიცავს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს: 500 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციები, განთავსებული 2008 წლის აპრილში.
მოყვანილი ციფრები არ მოიცავს სესხის მომსახურების სახსრებს. საგარეო ვალის თანხები მოყვანილია 2020 წლის 31 დეკემბრის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.