თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. 2022 წლიდან უნდა მოხდეს საგარეო ვალის შემცირება, რათა ის პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრინდეს, განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე პარლამენტი მინისტრობის კანდიდატების გეგმებს ეცნობა.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკამ 4 მილიარდი ლარი დაკარგა. ხოლო 2020-2021 წლებში ჯამური დანაკარგი 8,5 მილიარდ ლარამდე იქნება. მისივე თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანა მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში საგარეო ვალის შემცირებაა.
„ჩვენი ძირითადი გამოწვევაა მთავრობის ვალის შემცირება, რომელიც პანდემიის ნეგატიური ეფექტებიდან გამომდინარე, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, 60%-იან ზღვარს გასცდა. ვალის შემცირების პარალელურად დეფიციტიც ყოველწლიურად უნდა მცირდებოდეს. აუცილებელია 2022 წლიდან მოხდეს მისი რადიკალური შემცირება და დაუბრუნდეს პანდემიამდელ ნიშნულს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა ასევე ყურადღება ფინანსთა სამინისტროს სამომავლო გეგმებსა და იმ რეფორმებზე გაამახვილა, რომლებსაც ახორციელებს და გეგმავს სამინისტრო.
მისი თქმით, საჯარო ფინანსების მართვის სფეროში კანონმდებლობა ფაქტობრივად სრულ შესაბამისობაშია მოყვანილი ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ახლა რეფორმები ძირითადად საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების კუთხით მიმდინარეობს.
გარდა ამისა, დაგეგმილია საბიუჯეტო პროგრამების ეფექტურობის შეფასება მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის გამოყენებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები შეფასდება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიის მიხედვით და დაფინანსდება ყველაზე სოციალური და ეკონომიკური შედეგების მქონე პროექტები. მიმდინარე წელს დამტკიცდება ვალის მართვის ახალი სტრატეგია, რომელიც გაზრდილი ვალის ეფექტურ მართვაზე იქნება ორიენტირებული.
ივანე მაჭავარიანმა შეინარჩუნა თავისი პოსტი მთავრობაში. ახალი მინისტრთა კაბინეტი პარასკევს წარადგინა პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამ პოსტზე მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წამოაყენა.
დღეიდან მთავრობის მიმართ ნდობის გამოცხადების საკითხს, ასევე 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განიხილავენ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და ოპოზიციურ ჯგუფებში.
საქართველოს მთავრობის მეთაურის სავარძელი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ხუთშაბათს გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.