თბილისი, 1 მარტი — Sputnik. შეერთებულ შტატებს არჩევნების რეფორმა ესაჭიროება, რაც მოხდა, აღარ უნდა განმეორედეს, განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორლანდოში კონსერვატორული პოლიტიკური მოქმედებების კონფერენციაზე (Conservative Political Action Conference) სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, 2020 წლის ნოემბრის არჩევნები გაყალბდა, მაგრამ სასამართლოებმა არ მოინდომეს, რამე მოემოქმედათ ამ ფაქტის წინააღმდეგ.
„ეს არჩევნები ფალსიფიცირებული იყო და უმაღლესმა და სხვა სასამართლოებმა არაფერი გააკეთეს ამის წინააღმდეგ... ჩვენ არჩევნების რეფორმა გვჭირდება... მსგავსის დაშვება აღარ შეიძლება“, — ციტირებს ექს-პრეზიდენტის სიტყვებს გამოცემა CBS News.
ტრამპის თქმით, აუცილებელია არჩევნების რეგისტრაციის ნორმების, ამომრჩევლის პირადობის დადასტურების სტანდარტების გამკაცრება, ასევე ხმის მისაცემად ერთი დღის დაწესება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის კონსერვატორული წრეების დიდ ნაწილს 2024 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად რესპუბლიკური პარტიისგან სწორედ დონალდ ტრამპის ხილვა სურს.
კონფერენციაზე გამოსვლისას ექს-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური კარიერა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და მან კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა თეთრი სახლის ამჟამინდელ მეთაურს ჯო ბაიდენს.
ამასთან ყოფილმა პრეზიდენტმა დადო პირობა, რომ უახლოეს მომავალში წარმოადგენს საკუთარ ხედვას აშშ-ის მომავლის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მომავალ არჩევნებში დონალდ ტრამპის კანდიდატურისთვის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს რესპუბლიკური პარტიის გავლენიანმა სენატორებმა მიტ რომნიმ და მიტჩ მაკკონელიმ. მათი თქმით, რესპუბლიკური პარტია მზადაა, მხარი დაუჭიროს ყოფილ პრეზიდენტს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ ის პარტიის შიდა ნომინაციაში გაიმარჯვებს.