თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა.
2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთმა ოფიციალურად აცნობა, რომ ქალაქ უჰანში ყველასთვის უცნობი დაავადება გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ცოტა ხანში ახალი ვირუსი ეპიდემიის საფრთხედ გამოაცხადა.
საქართველო რიგით 46-ე ქვეყანა იყო, სადაც COVID-19-მა შემოაღწია. მთავრობამ 26 თებერვალს საგანგებო ბრიფინგისას ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დაადასტურა. იმ დროს აღნიშნულ ინფექციაზე, როგორც დანარჩენ მსოფლიოს, ჩვენც მწირი ინფორმაცია გვქონდა. ვიცოდით მხოლოდ ის, რომ ვირუსი სწრაფად ვრცელდებოდა და ადამიანებისთვის მომაკვდინებელი იყო. 2020 წლის 11 მარტს მსოფლიოში გავრცელებული ეპიდემია გლობალურ პანდემიად გამოცხადდა.
საქართველოში გავრცელების პირველი დღიდან თვეზე მეტი ისე გავიდა, რომ ვირუსს არავინ მოუკლავს, თუმცა 2020 წლის 4 აპრილს კოვიდ-ინფექციით გარდაცვალების პირველი შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა. მაშინ ვირუსმა 79 წლის ქალი იმსხვერპლა, რომელიც ე.წ. მარნეული-ბოლნისის კლასტერის წარმომადგენელი იყო. კორონავირუსისგან პირველი ადამიანი კი საქართველოში მანამდე, 16 მარტს გამოჯანმრთელდა.
გამყრელიძე: ვირუსი მართვადია, მაგრამ ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ დავამარცხეთ>>
გასული წლის 21 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მალევე კი იმჟამინდელმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში შიდა გავრცელების შესახებ გვამცნო. რაც შეეხება შეზღუდვებსა და ე.წ. კარანტინს, მარტის მიწურულს კვლავ გიორგი გახარიამ გვაუწყა, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და „კომენდანტის საათი“ დაწესდა.
გასული წლის გაზაფხულზე ვირუსის გავრცელებას პირველი ტალღა ეწოდა. ზაფხულამდე COVID-19-ის გავრცელება შედარებით შემცირდა, რის შემდეგაც მთავრობამ მაშინ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა გადაწყვიტა. ზაფხულში ქვეყნის გახსნის შედეგად ვირუსმა შემოდგომაზე კვლავ იფეთქა (განსაკუთრებით აჭარაში) და დეკემბრის დასაწყისში დღიური მაჩვენებელი უკვე 5000-ს გადასცდა. მოიმატა გარდაცვალების შემთხვევებმაც.
მაშინ ინფექციონისტებმა და ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ სწორედ ეს იყო ქვეყანაში არა მეორე, არამედ გვიანი პირველი ტალღა.
ამის შემდეგ, 28 ნოემბერს ხელისუფლებამ ახალი შეზღუდვები დააწესა: აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარეთ გასვლა ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე და სხვ.
დღეს ქვეყანა COVAX–პლატფორმის რიგში დგას და სხვადასხვა დასახელების ვაქცინის მოლოდინშია. რაც შეეხება ვირუსის გავრცელებას, გასული წლის ბოლო თვეებთან შედარებით, მაჩვენებელი დასტაბილურდა და გავრცელების პროცენტულობა 2-4%-ის ფარგლებში მერყეობს. ვითარების გაუმჯობესებიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ თითქმის ყველა შეზღუდვის მოხსნა დააანონსა. ძალაში რჩება მხოლოდ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით, 270.137-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 264.047 ადამიანი, ხოლო 3.485 პაციენტი გარდაიცვალა.