თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. ერევანთან ახლოს მომხდარი მიწისძვრა შორჟაში ერთი კვირის წინ მომხდარი ბიძგების ლოგიკური გაგრძელებაა, განაცხადა სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დირექტორის მთავარმა მრჩეველმა გრაჩია პეტროსიანმა Sputnik-სომხეთთან ინტერვიუში.
შაბათს დღისით ერევნიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 8 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა, მისი კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრის სიმძლავრემ ეპიცენტრში 6-7 ბალი შეადგინა, ერევანში - 5-6 ბალი. ამის შემდეგ დღემდე 46 აფტერშოკი დაფიქსირდა. ასეთივე ბიძგები მოხდა 5 თებერვალს სევანის ტბის ნაპირზე, სოფელ შორჟასთან.
„მთლიანად რეგიონში ბოლო კვირების განმავლობაში სეისმური აქტივობა შეინიშნება. ამ პერიოდში სხვადასხვა სიმძლავრის ბიძგები მოხდა. მიწისძვრები იყო სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, საქართველო-სომხეთის საზღვარზე, თურქეთში. სეისმური აქტივობის განვითარებამ გამოიწვია 5 თებერვალს მიწისძვრა შორჟაში, ბიძგების ძალა ანალოგიური იყო“, - აღნიშნა პეტროსიანმა.
მისი თქმით, შორჟაში მიწისძვრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ შესაძლო ახალი ბიძგების შესახებ აფრთხილებდა.
მისი განცხადებით, რთულია პროგნოზის გაკეთება, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს აქტივობა. მაგრამ ის, რომ გუშინდელი მიწისძვრის 46 აფტერშოკიდან მოქალაქეებმა მხოლოდ ერთი იგრძნეს, მეტყველებს იმაზე, რომ აქტივობა იკლებს.
შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს, ადგილობრივი დროით 19:36 საათზე, სოფელ შორჟადან და სევანის ტბის ჩრდილოეთი ნაწილის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 5 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ 10 კილომეტრის სიღრმეზე 4,7, ხოლო ეპიცენტრში - 6-7 ბალი შეადგინა. გეღარქუნიქის ოლქში იგრძნობოდა 5-6 ბალის სიძლიერის ბიძგები, კოტაიქის, ტავუშის, ლორეს და არარატის ოლქებში - 4-6 ბალის, ერევანში - 3-4 ბალის ბიძგები. მიწისქვეშა ბიძგები თბილისსა და განჯაში იგრძნობოდა.
ამ ბიძგს მოყვა დაახლოებით 60 აფტერშოკი, აქედან ხუთი - 2,5 მაგნიტუდის და მეტი.