თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებისა და მოსახლეობის დასაქმების მიზნით საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან გურიის რეგიონში ყოფნისას.
პრემიერმა სოფელ კვირიკეთში სალიფსიტე მეურნეობა „გურია ფიში“ დაათვალიერა, სადაც ნორვეგიული ორაგული გამოჰყავთ. საწარმოში ამ დროისათვის განხორციელებულია 1,2 მლნ ევროს ოდენობის ინვესტიცია, ხოლო საბოლოო ეტაპზე კომპანია ჯამში 25 მლნ ევროს მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული.
„ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა გაგრძელდება, რამდენადაც ეს ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას და მცირე საწარმოების განვითარებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც ხელისუფლება მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს“, – განაცხადა გახარიამ.
„გურია ფიშის“ მფლობელის განმარტებით, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე განხორციელდება.
მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, გურიაში სალიფსიტე მეურნეობა სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში 1,5 მლნ ლარით დაფინანსდა.
პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ითვალისწინებს მიზნობრივ კრედიტებს დაბალი ტარიფით ფერმერების დასახმარებლად.