თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე დროებითი გადახურვის წყალშემკრები სისტემის შეცვლისა და თუნუქის ფენილების გარემოზემოქმედებისაგან დამცავი ელემენტებით აღჭურვის პროცესი გრძელდება, იუწყება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე სრულად ჩანაცვლდა მთავარი ტაძრის დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი მინაშენების (ნართექსის, კარიბჭეების, ეკვდერებისა და მათი აბსიდების) დროებით გადახურვებზე მოწყობილი პლასტმასის წყალგადამყვანი სისტემის ჰორიზონტალური ღარები და ვერტიკალური მილები. მათ ნაცვლად ლითონის 100 მმ დიამეტრის ღარები და დგარები დამონტაჟდა, რამაც ტაძრის ქვედა რეგისტრზე მინიმუმამდე გაანეიტრალა ფასადის კედლებზე ნალექის ზემოქმედება.
გარდა ამისა, დასრულდა ტაძრის სახრეთ-აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე 2 ეკვდერის აბსიდებზე დროებითი გადახურვის კონსტრუქციის ფორმის ცვლილებისა და წყალშემკრები სისტემის მოდიფიცირების სამუშაოები.
ტაძრის ქვედა რეგისტრის მთელ პერიმეტრზე ახლადმოწყობილი ხარაჩოების მეშვეობით, დროებით გადახურვებსა და კრამიტის საბურველშორის სივრცეეზე განთავსდა ქარისგან დამცავი თუნუქის ელემენტები. დროებითი სახურავის ფენილებზე დამონტაჟდა გარემოზემოქმედების დამცავი ელემენტები და წყალგამშემკრები სისტემა, რამაც სრულად აღმოფხვრა სახურავიდან ნადენი წყლით ტაძრის საპერანგე წყობის დატენიანების რისკი.
არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ მთავარი ტაძრის მთელ პერიმეტრზე სათანადო სპეციფიკაციის მილებით მოეწყო წყალგადამყვანი და სადრენაჟე სისტემა, რომელიც ტაძრის დროებითი გადახურვიდან ნადენი ნალექის მიღებასა და სანიარვრე არხებში გადაყვანას უზრუნველყოფს.
„ახლადმოწყობილი მიწისქვესა წყალგადამყვანი სისტემა გამორიცხავს ტაძრის სიახლოვეს წყლის ჭარბი ოდენობით დაგუბების ფაქტორსაც“, - აღნიშნავენს სააგენტოში.
მიმდინარე კვირის ბოლომდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სამხრეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ მკლავებზე მოწყობილ დროებით სახურავებზე სრულად გამოიცვლება და მოდერნიზდება წყალშემკრები სისტემები.
გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აღდგენაზე ახალი კომპანია - „ბაგინეთი+“ მუშაობს. კომპანიები – „იკორთა 2007“ და „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, რომლებიც აღნიშნულ სამუშაოებს „ბაგინეთამდე“ აწარმოებდნენ, აღდგენითი სამუშაოების პროცესში შეცდომების გამო 12-12 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.
გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის სამუშაოები 2016 წელს შესრულდა, მაგრამ კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა, რის გამოც ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათალიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და მისი განსასვენებელი გახდა.