თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კომენდანტის საათის მოხსნის საკითხი რამდენიმე პარამეტრზეა დამოკიდებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
2020 წლის 9 ნოემბრიდან ქვეყნის შვიდ დიდ ქალაქში 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდა. 28 ნოემბრიდან კი კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე მოქმედებს.
ამირან გამყრელიძის თქმით, კომენდანტის საათის მოსახსნელად მხოლოდ 4%-იანი დადებითობის მაჩვენებელი საკმარისი არ არის.
„ეს არ იქნება მხოლოდ ინფიცირების შემთხვევების შემცირება ან დადებითობის მაჩვენებლის კლება. აქ არის რამდენიმე ინდიკატორი ერთად. კერძოდ, როგორია საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი, რამდენი ადამიანია რეანიმაციაში და რამდენი ხელოვნურ სუნთქვაზე. კიდევ მრავალი ინდიკატორით ხდება შეჯამება და იმის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, პანდემიის ამ ეტაპზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირბადის ტარებას.
„როცა პანდემიასთან ბრძოლის ეტიოტროპული წამალი არ არის და ვაქცინით მოცვა ძალიან დაბალია, როცა ქვეყანაში პირბადის ტარების კულტურა ავიდა 72%-ზე და გვინდა 95%-ზე ავიდეს, შეზღუდვების გარდა სხვა გზა არ არის. თუ 95%-ზე ავიყვანეთ ქვეყანაში პირბადის ხმარების მაჩვენებელი, მაისისთვის დღეში 20-30 შემთხვევაზე ჩამოვალთ. დღეს 400-500 შემთხვევიდან დაახლოებით 15-20% მძიმე ავადმყოფია, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, აქედან 1% კრიტიკული ავადმყოფია, რომელთანაც ფატალური შედეგებია. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გავითავისოთ, რადგან მეორე მხარეს დევს ადამიანების სიცოცხლე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში ეპიდვითარების დასტაბილურების შემდეგ, 1 თებერვლიდან საქართველოში გასული წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. ამ დროისათვის ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული ბაზრობები (შაბათ-კვირის გარდა). რესტორნები კლიენტების მიღებას ღია სივრცეებში 15 თებერვლიდან შეძლებენ. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში მოსწავლეებმა სწავლა სკოლებში განაახლეს, დანარჩენ ქალაქებში ეს 15 თებერვლიდან მოხდება.
მეუფე ნიკოლოზი მზადაა კორონავირუსზე პირდაპირ ეთერში აიცრას >>
ჯერჯერობით ისევ მოქმედებს ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა. ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე. ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც. აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.