მოსალოდნელია თუ არა ვაქცინაციისას მძიმე ალერგიული რეაქციები

© AP Photo / Mary Altafferვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. უმრავლეს შემთხვევაში ვაქცინაციისას მძიმე ალერგიული მოვლენები მოსალოდნელი არ არის, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გაბუნიას განცხადებით, ალერგია საყურადღებო მდგომარეობაა და ასაცრელი პირი ვაქცინის გაკეთებამდე ამ კუთხით აუცილებლად უნდა შეფასდეს.

როდის ჩატარდება კოვიდგადატანილი პაციენტების ვაქცინაცია: მინისტრის მოადგილის განმარტება>>

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის ვაქცინაციისას ალერგიული მოვლენები არ დაფიქსირებულა.

„მილიონში ერთეული შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს, ისიც ამ ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო ამ კვირაში დაამტკიცებს ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადებულ ალერგიული მდგომარეობების შეფასების და პრევენციის პროტოკოლს, სადაც დეტალურადაა განსაზღვრული, რა შეკითხვები უნდა დაისვას მდგომარეობის შესაფასებლად, ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება და შემდეგ როგორ უნდა მოხდეს შესაძლო ალერგიული რეაქციის მართვა.

ქალი ხელთათმანებითა და პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
ეფექტურია თუ არა სამედიცინო ხელთათმანის ტარება ვირუსთან ბრძოლისთვის – გაბუნიას განმარტება

მინისტრის მოადგილის განმარტებით, რისკები მინიმალურია, მაგრამ მზად რომ ვიყოთ, ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს.

საქართველომ COVAX–პლატფორმისგან უკვე მიიღო დასტური, რომ თებერვლის მეორე ნახევარში Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია 29 250 დოზის ოდენობით შემოვა. ვაქცინაცია ორჯერ კეთდება, ამიტომ ის საკმარისი იქნება 14 ათასი ადამიანისთვის.

საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0