თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თბილისის ცენტრში მდებარე „დედაენის პარკი“ და „ 9 მარტის ბაღი“ მალე მთლიანად შეიცვლება - მათი განახლების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.
ნაძალადევის რაიონში დასასვენებელი სივრცე მოეწყო >>
როგორც მერიის პრესცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია სადემონტაჟო სამუშაოები, გარე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები, თარგების კორექცია, დაზიანებული საფარის აღდგენა და კეთილმოწყობა; მშრალი ხიდიდან სანაპიროზე ჩასასვლელ ორივე პანდუსზე მოწყობილია სანიაღვრე ქსელი და დაგებულია გზის ახალი საფარი; დასრულებულია მშრალი ხიდის ბურჯების სარესტავრაციო სამუშაოები, ასევე, მოწყობილია მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების მხატვრული მინათება.
პარკებში მოეწყო საზოგადოებრივი ტუალეტები, სავაჭრო სივრცეები, სარწყავი სისტემა, სანიაღვრე ქსელი, გარე განათების ქსელი, ელექტროსადენების ქსელი, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები, ბავშვთა სათამაშო მოედანი, ძაღლების სასეირნო მოედანი, დამონტაჟდა პარკის ინვენტარი; გაისხლა ხეები, დაირგო ნერგები და მოეწყო გაზონები.
„დედაენის და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ძალიან კარგი პროექტი გამოდის. დაირგო ხე-მცენარეები, ბავშვებისთვის განთავსდა ატრაქციონები, ასევე, მოეწყო სავარჯიშო სივრცეები, ძალიან დიდი სკეიტ პარკი, თავისი ღამის განათებებით, შეიქმნა საპიკნიკე სივრცეები. ეს ორი ბაღი, რომელიც მთლიანად მოწესრიგდა, ერთმანეთს გვირაბით დაუკავშირდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ საპარკე კულტურა შემოდის ჩვენს ქალაქში. ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაშიც, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ ქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარს შეადგენს.
აღდგენითი სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას.
თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა მასშტაბური პროექტ „ახალი ტფილისის“ განხორციელება 2016 წელს დაიწყეს. პროექტი ითვალისწინებს დედაქალაქის ცენტრში ახალი საზოგადოებრივ-რეკრეაციული ზონების და ტურისტული მარშრუტების შექმნას.