თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. ავტობუსების გარკვეულ მარშრუტებში ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან ცვლილებები განხორციელდება, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის პანდემიის გამო ორ თვეზე მეტია არ მუშაობს.
მერიის ცნობით, ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებები მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით განხორციელდება. ცვლილებები ინტეგრირებულ N301 მარშრუტს და N51 ავტობუსს ეხება.
კერძოდ, ინტეგრირებული N301 მარშრუტის ბოლო გაჩერება (ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა) გაგრძელდება ემირ ბურჯანაძის ქუჩის (ყოფილი გარდაბნის გზატკეცილი) მიმართულებით, დავით ყიფიანის ქუჩის გადაკვეთამდე. თავისუფლების მოედნის მიმართულებით, N301 ავტობუსი კ. აფხაზის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდება ნ. ბარათაშვილის ქუჩის გავლით. ამასთანავე, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით, მარშრუტი ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაცვლად, მოძრაობას განაგრძობს პ. ქავთარაძის ქუჩის გავლით.
მერიის ცნობით, ინტეგრირებული მარშრუტი N301 გააერთიანებს N140 და N55 მარშრუტებს. შესაბამისად, აღნიშნული ნომრების მომსახურება გაჩერდება. ხოლო, N301-ის მოცდის ინტერვალი 11 წუთამდე შემცირდება.
ასევე, ცვლილება შეეხება N51 ავტობუსსაც. კერძოდ, 8 თებერვლიდან გლდანის რაიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლეინებში. შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება კერძო ავტომობილების ნაკადის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით. შესაბამისად, ავტობუსი N51 გადაადგილდება შემდეგნაირად - მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ან „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით, ნაცვლად შეშელიძის ქუჩისა, იმოძრავებს ქერჩისა და ვასაძის ქუჩების გავლით.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუშაობას განაახლებს. თუმცა შაბათ-კვირის დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს.
თბილისში 8 თებერვლიდან ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21:00 საათამდე მოემსახურება.