თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. თბილისში 8 თებერვლიდან მგზავრების მგზავრთა მომსახურეობა საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით მოხდება, საგანგებო განცხადებას კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ ავრცელებს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განაახლებს მუშაობას.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ 1.300 მიკროავტობუსს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარა. სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექცია ყოველი სამუშაო დღის შემდეგ მოხდება.
ასევე, ყოველდღიურად მოხდება მძღოლების თერმოსკრინინგი, ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში კი მათ სწრაფი ტესტი გაუკეთდებათ.
უსაფრთხოების მიზნით მიკროავტობუსებში, როგორც მუნიციპალურ ავტობუსებში, აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სავალდებულოა ღია ფანჯრებით.
მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით, ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. პირბადის გარეშე მგზავრი არ დაიშვება ტრანსპორტში, გაკონტროლდება მეტროს შესასვლელებიც. ავტობუსის შემთხვევაში არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა, ან თუ ვინმე ტრანსპორტში მოიხსნის პირბადეს.
„კომპანია თბილისის მიკროავტობუსი უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე და დაიცვას ზემოთ ჩამოთვლილი უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელი წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს მგზავრს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა, შრომის ინსპექციასთან ერთად, მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის აქტიური ჩართულობით მოხდება.
საქართველოში ბოლო შვიდ დღეში კორონავირუსით ინფიცირების ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა. შესაბამისად, მთავრობამ დაწესებული კოვიდ–შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება დაგეგმილზე ადრე მიიღო. კერძოდ, 8 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით მუშაობას განაახლებენ მუნიციპალური ტრანსპორტი, ღია და დახურული ტიპის ბაზრობები, 15 თებერვლიდან კი – კაფე–რესტორნები.
1,5 საათის განმავლობაში ერთი გადახდით მგზავრობა მიკროავტობუსებითაც იქნება შესაძლებელი >>
დღეისათვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება. დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.