თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე „წლის წიგნის ქომაგის" ჯილდო მსახიობ ნინო კასრაძეს გადაეცა, ნათქვამია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ–ფორმატში ჩატარდა.
ასოციაციამ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე წელს უკვე მეექვსედ გამოავლინა და დააჯილდოვა „წლის წიგნის ქომაგი". ნინო კასრაძეს ჯილდო ღონისძიების საზეიმო საღამოზე ასოციაციის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა გადასცეს.
- ნინო კასრაძეს წიგნის ქომაგის ჯილდო თანამედროვე ეპოქაში წიგნისა და კინოს/თეატრის სფეროების დაახლოებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის საქმეში ახალი გზების/საშუალებების ძიებისთვის გადაეცა.
ასოციაციის ინფორმაციით, მსახიობი წლების განმავლობაში მართავდა არაერთ შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული და უცხოური ლიტერატურის წარმოჩენას, პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებში წიგნის კითხვის ინტერესის გაღვივებას.
კასრაძე ასევე ჩართული იყო კლასიკური და თანამედროვე ქართული პოეზიის მთელი ქვეყნის მასშტაბით პოპულარიზაციაში, მონაწილეობდა წიგნის სექტორის მხარდამჭერ საინფორმაციო კამპანიებსა და პროექტებში.
წლის წიგნის ქომაგის ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას.
წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: პროექტს „წიგნების თარო” (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), „ფორმულა კრეატივს" (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016).