საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ

© photo: Sputnik / Натия Цирекидзеპოეზიის საღამო
პოეზიის საღამო - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს.

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში მეექვსედ აღინიშნება – დაგეგმილია სხვადასხვა თემატური ღონისძიება, ნათქვამია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის განცხადებაში.

ღონისძიება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ–ფორმატში ჩატარდება, 12 საათზე გაიხსნება და  გამოჩენილ ქართველ ფილოსოფოსს, მთარგმნელსა და მწერალს ბაჩანა ბრეგვაძეს მიეძღვნება, რომელსაც 2021 წელს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდებოდა. 

ეროვნული ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2021
ეროვნული ბიბლიოთეკა ესეების ონლაინ-კონკურსს ჩაატარებს

ონლაინ-შეხვედრაზე ბაჩანა ბრეგვაძის შემოქმედებაზე ისაუბრებენ პუბლიცისტები დათო ტურაშვილი, ზვიად კვარაცხელია, გიორგი კეკელიძე და გვანცა ჯობავა, რომლებიც წაიკითხავენ ფრაგმენტებს მიგელ დე სერვანტესის „დონ კიხოტის" ბაჩანა ბრეგვაძისეული თარგმანიდან.

გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში 70-მდე ქართველი მწერალი ონლაინ–შეხვედრებს ჩაატარებს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ისინი მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ერთად ლიტერატურულ ტექსტებს წაიკითხავენ და ყურადღებას გაამახვილებენ წიგნიერების მნიშვნელობაზე.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნითი ონლაინ–ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება – მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე, ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე და პოეტი პაატა შამუგია დისკუსიას გამართავენ თემაზე „ადამიანი და სახელმწიფო: გამოწვევა და გამოსავალი“.

„ტრადიციულად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეექვსედ გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი, რომელსაც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმდჯომარე რუსუდან მოსიძე და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თინათინ ბერიაშვილი წარადგენენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე კომპანია LitWorld-ის ინიციატივით 2010 წლიდან აღინიშნება. ღონისძიება ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება და 31 მილიონზე მეტ კითხვის მოყვარულს აერთიანებს. საქართველო ამ დღესასწაულს 2016 წელს შეუერთდა.

საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით და საერთაშორისო ორგანიზაცია LitWorld-ის და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0