თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. მიწოდების სერვისის კომპანია Glovo-ს კურიერებმა კომპანიის სათავო ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ და ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება, შეკვეთების კონკრეტულ მისამართებზე მიტანას არ აპირებენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, დაიკლო მომსახურების ტარიფებმა, ასევე შეიცვალა ბონუსები, ამიტომაც მათ მუშაობა „არაადამიანურ პირობებში“ უწევთ.
„მე არ უნდა მჭირდებოდეს ობიექტზე (შეკვეთის) 40 წუთი ლოდინი, ეს საკითხი როგორღაც უნდა მოგვარდეს. მაგალითად, როდესაც ობიექტზე Wolt-ის თანამშრომელი მიდის, მას ლოდინი არ უწევს, მე კი დამკვეთთან გაციებული შეკვეთის მიტანა და მისი პრეტენზიების მოსმენა მიწევს. კვირაში 180 ლარად, არანორმირებულ რეჟიმში, ჩვენ დღეში 12 საათი მუშაობა გვიხდება“, – განაცხადა კურიერმა.
Glovo-ს კურიერების საპროტესტო აქცია ერთადერთი არაა – 30 იანვარს, შაბათს თბილისის ყველა რესტორანი კოვიდ-შეზღუდვების პროტესტის ნიშნად გატანის სერვისს შეწყვეტს.
ისინი რესტორნების 1 თებერვლიდან გახსნას მოითხოვენ. აქციაში მონაწილეობის მიღებას 100-ზე მეტი რესტორანი გეგმავს.