ნაძალადევის რაიონში დასასვენებელი სივრცე მოეწყო

გამოწერა
მრავალფუნქციური სკვერი დაახლოებით 5,4 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, პროექტის ღირებულებამ 665 ათასი ლარი შეადგინა.

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. ნაძალადევის რაიონში, კიშინიოვის ქუჩაზე 5,4 ათას კვადრატულ ფართობზე სპორტული სივრცე და სკვერი მოეწყო, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ლოტკინის დასახლებაში მსგავსი პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა.

ახალი რეკრეაციული სივრცე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ირაკლი ხელაძესთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან მიხეილ ყაველაშვილთან ერთად დაათვალიერა. 

რიკის პარკი - Sputnik საქართველო
თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდა

„აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის მოეწყო ძალიან კარგი დასასვენებელი ადგილი. ყველა თაობაზეა მორგებული. აქ არის ატრაქციონები, ველობილიკი, სპორტული მოედნები, დასასვენებელი სივრცე. მიხარია, რომ ასეთი რეკრეაციული სივრცეები ემატება ჩვენს ქალაქს და ყველა რაიონში, ყველა უბანში გვინდა რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები ტრიბუნებით, ველობილიკი, ქვიშის მოედანი, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები და დასასვენებელი პავილიონი. ამასთან, განახლდა სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე დაირგო 300-ზე მეტი ნერგი და დაიგო ბალახის საფარი.

პროექტის ღირებულება 665 ათასი ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0