თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის გეგმის დეტალებზე ისაუბრა და განმარტა, სად და როგორ ჩატარდება ვაქცინაცია.
საქართველოს მთავრობამ დღეს COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას.
გაბუნიას განმარტებით, იმ ვაქცინით, რომელიც მინუს 80-გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმს საჭიროებს, ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის დიდ საავადმყოფოებში ჩატარდება.
„მინუს 80-გრადუსიან ვაქცინას („ფაიზერი“) სჭირდება მეტად კომპლექსური „ცივი ჯაჭვი“ და მისი მიწოდება და მიტანა რაიონულ დონეზე გართულდება. ამდენად, ჩვენი მიზანია, ამ ტიპის ვაქცინაცია განხორციელდეს დიდ საავადმყოფოებში. სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში ამისთვის შეირჩა ჰოსპიტლები და მიმდინარეობს პერსონალის მომზადება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება +2–+8-გრადუსიან ვაქცინებს („ასტრაზენეკა“), გაბუნიას განმარტებით, აღნიშნული ვაქცინებით აცრა უპრობლემოდ ჩატარდება როგორც რეგიონულ, ისე რაიონულ დონეზე.
კოვიდ-ვაქცინებისგან სიკვდილის შემთხვევები არ დაფიქსირებულა: ჯანმოს ექსპერტი>>
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა ვაქცინაციის გარკვეულ ეტაპზე მობილური ბრიგადების მობილიზებას (იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში იმყოფებიან) და ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას (მასობრივი ვაქცინაციის ეტაპისთვის) განიხილავს.
„ექიმები, სოფლის ექიმები, ეპიდემიოლოგები ჯანმოს მიერ მოწოდებული რეკომენდაციების შესაბამისად გადამზადდებიან იმ ადგილებში, სადაც ვაქცინაცია განხორციელდება. ტრენინგების პროცესი უკვე დაწყებულია“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ვაქცინაციის გეგმაში განსაზღვრულია რამდენიმე ეტაპი, რომლის მიხედვითაც ვაქცინაცია დაიწყება მაღალი რისკის ჯგუფებიდან. კერძოდ, პირველ ეტაპზე აიცრებიან ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, შემდეგ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი, ასევე 75 წლის ზემოთ პირები, შემდეგ 65-დან 75-მდე ასაკის პირები. მეორე ეტაპის ჯგუფში შედიან სტრატეგიული სერვისების მიმწოდებლები, რასაც მოჰყვება 55-დან 64 წლის ასაკობრივი ჯგუფი, შემდეგ – ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლის ასაკობრივი ჯგუფის პირები. ამის შემდეგ უკვე რჩება მოსახლეობის სხვა ჯგუფები, მათ შორის ის პირებიც, რომლებმაც ვირუსი გადაიტანეს. არ იგეგმება ბავშვების ვაქცინაცია. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.
საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში თებერვლის ბოლოსთვის შემოვა. ჯერჯერობით საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე.