თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული გეგმა 65-გვერდიანია, მასში რვა მიმართულებაა გაწერილი და მისი მიზანია – მიმდინარე წელს მოსახლეობის 65 პროცენტამდე აიცრას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
იმნაძე: საქართველო ყველანაირი ვაქცინის მისაღებად მზადაა>>
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის და ვაქცინის შესყიდვის მოსამზადებლად სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობდა, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.
გამყრელიძის განცხადებით, გეგმა, რომლის შემუშავებაში ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო ჩართული, მთავრობის ადმინისტრაციაში განიხილეს, ხოლო მისი დამტკიცება მთავრობის სხდომაზე უნდა მოხდეს.
უკვე ცნობილია, თავდაპირველად რომელი ჯგუფები აიცრებიან. ესაა სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა სახლებში მყოფი მოხუცები და მათი მომვლელი პერსონალი.
„შემდეგ აიცრება 75 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ – 65 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ – 55 წელს ზემოთ მოსახლეობა და თანმდევი დაავადებების მქონე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სასუნთქი სისტემის, დიაბეტის მქონე ადამიანები, შემდეგ უკვე – 18 წელს ზემოთ მოსახლეობა“, – განაცხადა გამყრელიძემ „პირველი არხის“ ეთერში.
საქართველომ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა>>
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეპიდემიოლოგების მიზანია, რომ მიმდინარე წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზრდასრული მოსახლეობის 65 პროცენტს ჩაუტარდეს – სასურველია 2,8 მილიონი ზრდასრული მოსახლეობიდან არანაკლებ 1,6 მილიონ ადამიანს.
გამყრელიძის განცხადებით, გეგმის მიმართულებებში განხილულია სხვადასხვა სცენარები.
„რომელი ცივი ჯაჭვის რეჟიმის ვაქცინა იქნება, იქნება –70-გრადუსიანი, –20-გრადუსიანი თუ +2 +8 გრადუსიანი ვაქცინა, ყველა ამ რეჟიმზე არის თავისი გათვლები გაკეთებული, შესაბამისად, ფასებიც, მომსახურებაც, რამდენი ბრიგადაა საჭირო დაწყებისას, შემდეგ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და ამის დეტალები“, – ამბობს გამყრელიძე.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, უკვე გაწერილია, რა ეღირება ქვეყნისთვის ეს პროცესი ვაქცინის ფასიდან და მომსახურებიდან გამომდინარე. გათვლილია ასევე თითოეულ ბრიგადას დღეში რამდენი ადამიანის აცრა შეუძლია.
როგორც უფრო ადრე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ქვეყანა სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად მზადაა. როგორც მან განმარტა, ქვეყნის ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ ჯანმოს და სხვა მარეგულირებლების მიერ აღიარებული სამივე ვაქცინა (Pfizer, Moderna, Astrazeneca) მიიღოს და ამ მზადყოფნის დამადასტურებელი წერილი Pfizer-ის პრეპარატთან დაკავშირებით COVAX–პლატფორმაში უკვე გაიგზავნა. მან ასევე არ გამორიცხა, რომ საქართველომ, შესაძლოა, AstraZeneca-ს ვაქცინაც წლის პირველ კვარტალში მიიღოს.
საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.