03:01 07 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (310)
65 0 0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კოვიდ–ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე მომუშავე კომისიის წევრებთან და ექსპერტებთან მორიგი შეხვედრა გამართა.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ვაქცინის დანერგვის გეგმაზე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის განხილვის დროს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე შედგა. 

გაბუნიას თქმით, პროცესი იყო ძალზე სკრუპულოზური და რამდენიმე კვირა დასჭირდა ყველა იმ დეტალის დაზუსტებას, რომელიც გეგმაშია ასახული, როგორც პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრის, ასევე ტექნიკური დეტალების დაზუსტების კუთხით. კერძოდ, საუბარია ვაქცინის შენახვისთვის აუცილებელი ტემპერატურული პირობების დაცვაზე. შესწავლილ იქნა ვაქცინაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები, რამდენადაც, მინისტრის მოადგილის თქმით, გვერდითი რეაქციების მართვა და მონიტორინგი საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად უნდა განხორციელდეს.

„დღეს ეს პროცესი უკვე დასრულებულია და ახლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გეგმის რეალიზება. ვფიქრობთ, რომ ვაქცინა პირველივე კვარტალში იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა გაბუნიამ.

საკითხის განხილვისას პრემიერმა გახარიამ აღნიშნა, რომ ტესტირების რაოდენობის ზრდის დინამიკის შენარჩუნება, მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქება და ვაქცინაცია – ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ერთობლიობაა. 

COVAX–პლატფორმამ საქართველოსგან 18 იანვარს დასტური მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მზადაა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს. ეკონომიკის სრული გახსნისთვის აუცილებელია ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია, რისთვისაც დაახლოებით 164 მლნ ლარი იქნება საჭირო.

ვაქცინაციისთვის უკვე განისაზღვრა პრიორიტეტული ჯგუფები: ჯანდაცვის სექტორი, თავშესაფრებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები, 75 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა, 65-დან 74 წლამდე მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების მქონე 18–54 წლის პირები. შემდგომ იგეგმება მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ვაქცინაცია, მათ შორის იმ პირების, რომლებმაც ვირუსი გადაიტანეს.

არ იგეგმება ბავშვების ვაქცინაცია. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება. მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 32 მლნ ადამიანზე მეტს უკვე ჩაუტარდა. საქართველოში ვაქცინაციის გეგმაზე მუშაობა თითქმის დასრულდა.

ადრე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში თებერვლის ბოლოსთვის შემოვა. ჯერჯერობით საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (310)

მთავარი თემები