თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ჯო ბაიდენმა, როგორც კი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა, პირველსავე დღეს გააუქმა დონალდ ტრამპის რამდენიმე განკარგულება.
კერძოდ, შეერთებული შტატები მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დააბრუნა. ჯანმოდან გამოსვლის პროცესი ექს-პრეზიდენტმა გასული წლის ივლისში წამოიწყო, როდესაც ამ ორგანიზაციას კორონავირუსის ეპიდემიის მასშტაბების დამალვაში დასდო ბრალი ჩინეთის სასარგებლოდ.
გარდა ამისა, ბაიდენმა ქვეყანა ასევე დააბრუნა პარიზის კლიმატის შეთანხმებაში, რომელიც ატმოსფეროში ნახშირბადოვანი გამონაბოლქვების შემცირებას ითვალისწინებს.
ახალმა პრეზიდენტმა შეაჩერა მექსიკასთან კედლის მშენებლობა და გააუქმა საგანგებო მდგომარეობა საზღვრისპირა ტერიტორიებზე.
ტრამპის ადმინისტრაციამ მანამდე გაამკაცრა მიგრანტებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები და კედელიც ააგო საზღვრის უმეტეს ნაწილზე, რათა აშშ-ის ტერიტორიაზე არალეგალური შეღწევა აღეკვეთა. ტრამპის მიერ დაპირებული 800-კილომეტრიანი წინაღობის სიგრძე 5 იანვრისთვის უკვე 727 კმ-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე ბაიდენმა მიანიშნა, რომ უკვე აგებული კედლის დანგრევას არ აპირებდა.
კიდევ ერთი განკარგულება, რომლიც ახალმა პრეზიდენტმა გააუქმა, აშშ-ის ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლეთის მთელი რიგი ქვეყნებიდან მოქალაქეთა შესვლის აკრძალვაა. ტრამპის 2017 წლის ბრძანებულების თანახმად, შეერთებულ შტატებში ჩასვლა ეკრძალებოდათ ირანის, ლიბიის, სირიის, იემენის, სომალის, სუდანისა და ერაყის მოქალაქეებს. თუმცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე სასამართლო ინსტანციამ ადგილობრივ დონეზე ბრძანებულება არაკანონიერად ცნო, სიიდან ერაყი და სუდანი ამოიღეს, თუმცა დაამატეს ჩადი და ჩრდილოეთ კორეა. ამასთან შავ სიაში მოხვდნენ ვენესუელელი ჩინოვნიკებიც.
ჯო ბაიდენმა ასევე გააუქმა გაზსადენ Keystone XL-ის მშენებლობაც კანადასთან საზღვარზე, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია მხარს უჭერდა.