თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ჯო ბაიდენი პრეზიდენტის პოსტზე მოსვლის პირველ დღეს რამდენიმე ბრძანებულებაზე აპირებს ხელის მოწერას, რომელთა შორისაა, მექსიკასთან გამყოფი კედლის მშენებლობის შეწყვეტა და აშშ–ის დაბრუნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და ასევე პარიზის კლიმატის შეთანხმებაში, იუწყება CNN-ი.
„არჩეული პრეზიდენტი ბაიდენი მიიღებს ზომებს არა მარტო იმისთვის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიყენებული სეროზული ზარალი აანაზღაუროს, არამედ იმისთვისაც, რომ ქვეყანას წინსვლის საშუალება მისცეს“, — ნათქვამია ბაიდენის გუნდის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი ბრძანებულებებს ხელს 20 იანვარს მოაწერს კაპიტოლიუმში ფიცის დადებისთანავე.
ცნობილი ხდება ისიც, რომ პრეზიდენტი შეწყვეტილად გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას, რომელიც მექსიკასთან კედლის აგების საბაბად გამოიყენებოდა. ამასთან ხელისუფლება აპირებს, ყურადღებით შეისწავლოს მშენებლობასთან დაკავშირებული ფინანსირების მეთოდები და კონტრაქტები.
რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ–ის გასვლას, ჯო ბაიდენი ასევე გააუქმებს ტრამპის ბრძანებულებას ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჯანმოს „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს COVID-19–ზე საერთაშორისო პასუხის კოორდინაციაში და ასევე მომავალი პანდემიებისა და ეპიდემიებისთვის მაღალი მზაობისთვის“.
კიდევ ერთი საკითხი, რომლის გაუქმებასაც აპირებს ბაიდენის ადმინისტრაცია, ეს მილსადენ Keystone XL–ის მშენებლობაა. პროექტი 1,9 ათასი კმ სიგრძისა და დღეში 800 ათასი ბარელი სიმძლავრის ნავთობსადენის მშნებელობას ითვალისწინებს უმსხვილესი კანადური ნავთობმომპოვებელი პროვინცია ალბერტადან მექსიკის ყურის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებამდე. ამ ნავთობსადენის მშენებლობას დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უჭერდა მხარს.