ყველაზე მძლავრი სადგური – „ენგურჰესი“ 20 იანვარს მუშაობას შეწყვეტს

© Sputnik / Viktor Kaminsky„ენგურჰესი“
„ენგურჰესი“  - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ენგურჰესის“ ხუთივე აგრეგატი დერივაციული გვირაბის დაგეგმილი რემონტის გამო ამ წლის 1 მაისამდე გამოირთვება.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის „ენგურჰესის“ გვირაბში სარემონტო სამუშაოები 20 იანვარს, ღამის 12 საათზე დაიწყება, ნათქვამია კომპანია Engurhesi-ს განცხადებაში.

დერივაციული (ჰიდროტექნიკური) გვირაბის დაგეგმილი სამუშაოები 1 მაისამდე გაგრძელდება. ამის გამო „ენგურჰესის“ ხუთივე აგრეგატი გამოირთვება.

ენგურჰესი - Sputnik საქართველო
თურნავა: საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის გაჩერებით არ დაზარალდება

„პროექტში თავიდანვე, 70-იანი წლებიდანვე ჩადებული იყო ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ენგურჰესის გვირაბის დაცლა, მდგომარეობის შეფასება, საჭირო და აუცილებელი სამუშაოების ჩატარება. ბოლო რემონტი 2006 წელს ჩატარდა, მას შემდეგ თითქმის 15 წელი გავიდა. 2018 წელს მოხდა გვირაბის ინსპექტირება, მოვნიშნეთ ადგილები, რომელთაც სჭირდებათ რემონტი და საიდანაც, სავარაუდოდ, ხდება წყლის გაჟონვა, რაც ელექტროენერგიის დანაკარგებს იწვევს", – განაცხადა „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ.

მისი თქმით, ელექტროენერგიის ყოველწლიური დანაკარგი 200–250 მლნ კილოვატ/საათს შეადგენს. რემონტის შედეგად დანაკარგი დაახლოებით 100 მილიონი კვტ/სთ-ით, ანუ 30–40%-ით შემცირდება.

საქართველოს ენერგეტიკაში უახლოეს წლებში 1,3 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება>>

ჰესის მუშაობის შეჩერების შესახებ კომენტარისას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ენერგოსისტემას არ დააზარალებს, რადგან ამ პერიოდში სეზონური გამომუშავება მინიმალურია – დაახლოებით 500 მლნ კვტ/სთ.

როგორც უფრო ადრე „Sputnik–საქართველოს“ ჰესის დირექტორმა გია ხუბუამ განუცხადა, არის იმის ალბათობა, რომ თუ სამუშაოები არ დაიწყება, მაშინ წყლის გაჟონვის გამო ჰესის მუშაობის შეჩერება დაუგეგმავად მოუწევთ.

ენგურჰესის კაშხალი

 - Sputnik საქართველო
ენგურჰესის რემონტისთვის 28 მილიონი ევრო გამოიყოფა

გასული წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ „ენგურჰესის“ რემონტისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს 28 მლნ ევროს ოდენობის კრედიტს გამოუყოფს. კრედიტი 15 წლის ვადით გაიცემა და აქედან 3,5 წელი შეღავათიანი პერიოდია.

კრედიტის საერთო თანხა, რომელსაც EBRD რემონტისთვის გამოყოფს, 100 მლნ დოლარს აჭარბებს, ამ თანხის დიდი ნაწილი სადგურის ჰიდროაგრეგატების რემონტსა და აღდგენას მოხმარდება.

ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ, ვარდნილჰესი №1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40 ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში ამ ტიპის დამბებს შორის, მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.

ყველა ახალი ამბავი
0