თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. 2021 წელს დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო საქართველოს ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის - ენგურჰესის გაჩერება 3-4 თვით საქართველოს ენერგოსისტემას არ დააზარალებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
კავკასიის რეგიონში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური - ენგურჰესი საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის ძირითადი წყაროა. ჰესის მიერ ზამთარში გამომუშავებული მთელი ელექტროენერგია მიეწოდება აფხაზეთს, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ აკონტროლებს. 2021 წლის თებერვალში ენგურჰესის ხუთივე აგრეგატი სამი-ოთხი თვით გაითიშება სადერივაციო (ჰიდროტექნიკური) გვირაბის შეკეთების მიზნით.
„ენგურჰესის 3-4 თვიანი გაჩერებით ზიანი არ მიადგება ჩვენს ენერგოსისტემას, რადგან სეზონურად ამ დროს გამომუშავება მინიმალურია. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხდება ამ პერიოდში აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება, იქ უკვე გაკეთდა განცხადება, რომ ისინი იღებენ იმპორტულ ელექტროენერგიას რუსეთიდან და ანაზღაურებაც მათი მხრიდან ხორციელდება, ანუ ჩვენ ამ მიმართულებით არ ვმონაწილეობთ“, - აღნიშნა თურნავამ.
თებერვლიდან მაისამდე ენგურჰესი ყველაზე ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებს - დაახლოებით 500 მილიონ კილოვატს საათში.
როგორც ამას წინათ Sputnik-საქართველოს ჰესის დირექტორმა გია ხუბუამ განუცხადა, სარემონტო სამუშაოების გადადებას შეიძლება ჰიდროსადგურის მუშაობის დაუგეგმავი შეჩერება მოჰყვეს წყლის გაჟონვის გამო.
მიმდინარე წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ენგურჰესის შესაკეთებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს კრედიტის სახით 28 მილიონ ევროს გამოუყოფს. კრედიტი 15 წლიანია, მისი საშეღავათო პერიოდი 3,5 წელია.
ამგვარად კრედიტის საერთო თანხა, რომელსაც ბანკი რემონტისთვის გადმორიცხავს, აღემატება 100 მილიონ დოლარს.
ენგურჰესი 1970-იან წლებში აშენდა. თაღოვანი კაშხალი ამ ტიპის კაშხლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ამ მომენტისთვის მისი სიმძლავრე 1300 მგვტ-ს შეადგენს, რაც საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის ნახევარს ფარავს.