თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. ირანმა განსაზღვრა კომპენსაციების თანხა შემთხვევით ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავის დაღუპული მგზავრების ოჯახებისთვის - თითოეულ ოჯახს გადაუხდიან 150 ათას დოლარს, იუწყება ირანული სააგენტო YJC. ამის შესახებ РИА Новости წერს.
„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავმა Boeing 737-800-მა, რომელიც კიევში მიფრინავდა, 8 იანვარს, დილით, თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე განიცადა კატასტროფა. დაიღუპა 176 ადამიანი. ირანის სამხედროებმა 11 იანვარს განაცხადეს, რომ უკრაინული Boeing-ი შემთხვევით ჩამოაგდეს, დამნაშავე კი ადამიანური ფაქტორი გახდა: თვითმფრინავმა ირანის სამხედრო ობიექტის მახლობლად გადაიფრინა და „მტრულ სამიზნედ“, კერძოდ, ფრთოსან რაკეტად იქნა აღქმული. ამასთან, ირანში აღნიშნეს, რომ ელოდნენ აშშ-ის თავდასხმას, რასთან დაკავშირებითაც ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყო მოყვანილი.
„მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო დადგენილება, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ნათესავებზე 150 ათასი დოლარის ან ევროში ექვივალენტი თანხის გადახდისთვის მომზადების შესახებ”, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ ირანის მთავრობის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციების მოცულობა უნდა განისაზღვროს მხარეთა მოლაპარაკების გზით.
„მნიშვნელოვანი წინაპირობა უნდა გახდეს ტრაგედიის მიზეზების დადგენა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა. კომპენსაციების მოცულობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო პრაქტიკა მსგავსი კატასტროფების დროს“, - აღნიშნა ნიკოლენკომ.
მისი სიტყვებით, უკრაინის მხარე ირანისგან თვითმფრინავის ჩამოგდების გარემოებათა შესახებ ტექნიკური ანგარიშის პროექტს ელოდება.
„ვაცხადებთ, რომ იმ განცხადებების გარდა, რომლებსაც ირანის მხარე მედიაში ბოლო დღეებში აკეთებს, სხვა წინსვლა არ არის. თეირანში 2020 წელს ოქტომბრის ბოლოს კონსულტაციების მეორე რაუნდის დროს მიღწეულ შეთანხმებებს ირანი დღემდე არ ასრულებს. მსგავსი სიტუაცია განსაკუთრებით მიუღებელია, ვინაიდან საუბარია უდანაშაულო ადამიანების ბედზე“, - აღნიშნა მან.
ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, თვითმფრინავი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან „ჰაერი-მიწა“ კლასის ორი მცირე მოქმედების რადიუსის რაკეტა Tor-M1-ით იქნა ჩამოგდებული. ორი რაკეტა Boeing 737-800-ის მიმართულებით ჩრდილოეთი მიმართულებიდან გაუშვეს. რაკეტების მოხვედრის შემდეგ თვითმფრინავმა დასახლებული რაიონის თავზე ფრენისას სწრაფად დაიწყო ვარდნა, რის შემდეგაც შეეჯახა „დაბრკოლებას“ გასართობ პარკში და მიწაზე ჩამოვარდა. შემდეგ ლაინერმა გადაკვეთა ფეხბურთის მოედანი, მთლიანად დაიშალა და აალდა.