თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საქართველოდან ხუთ თვეში ექსპორტზე 8 ათასი ტონა ვაშლი გავიდა, მიღებულმა შემოსავალმა კი 3,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ქართული ვაშლის ექსპორტი რუსეთში კვლავ იზრდება>>
უწყების ცნობით, 1 აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 14-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 3,1 მლნ აშშ დოლარითაა გაზრდილი.
მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად რუსეთში განხორციელდა. აგვისტოდან ექსპორტზე იქ 7,6 ათასი ტონა ვაშლი გავიდა.
რუსეთის გარდა, ქართული ვაშლი ექსპორტზე გავიდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.
ვაშლის ექსპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში ახალი ბაღების გაშენების დასახმარებლად ხორციელდება პროგრამა „დანერგე მომავალი“. ამ პროგრამის ფარგლებში ვაშლის ბაღები 1 128 ჰექტარზე გაშენდა.
ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი იზრდება>>
ხილის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით განხორციელდა. პროცესში ჩართული იყვნენ ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.