თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებამ ქართველი ოპოზიციონერების კრიტიკა დაიმსახურა.
„ქართული ოცნება" პარლამენტში ოპოზიციურ ძალებს იწვევს, მაგრამ ყველას არა>>
ამას წინათ ხაზარაძემ ტელეარხ „მთავარის“ ეთერში გამოთქვა თავისი პოზიცია ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე. ამ საკითხზე ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების შუამდგომლობით კონსულტაციები მიმდინარეობს. დასავლელი დიპლომატები ცდილობენ დაითანხმონ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე, ხელისუფლება კი – გარკვეულ დათმობებზე წასვლაზე.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკება შედგება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, იდეალურია, რომ 2021-ში მოხდეს ეს ყველაფერი, რისიც მე არ მჯერა, გულწრფელი უნდა ვიყო, მაგრამ მე მგონია, რომ 2022-ში შესაძლებელია სრული პროპორციული არჩევნები ჩატარდეს, ეს იქნება გამოსავალი“, – განაცხადა ხაზარაძემ.
კრიტიკა კოლეგების მხრიდან
პირველი, ვისი რეაქციაც ხაზარაძის განცხადებას მოჰყვა, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აღმოჩნდა. თავის ფეისბუქ-გვერდზე ოქრუაშვილმა ხაზარაძეს ლექსი და უცენზურო გამონათქვამი მიუძღვნა.
ოქრუაშვილს მოჰყვა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის კრიტიკა, რომელმაც ხაზარაძეს შეახსენა, რომ ის ბანკში კი არა, პოლიტიკაშია.
„ხაზარაძემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ბანკში არ არის და ის პოლიტიკაშია. ის პოლიტიკურად უნდა მიუდგეს საკითხებს. 2022 წლამდე არჩევნების გადადება ნიშნავს, რომ ბიძინას ვაცხადებთ უგვირგვინო იმპერატორად“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
ამასთან მან დასძინა, რომ ოპოზიციურ სპექტრში არ არის დაპირისპირება.
„ოპოზიციამ აჩვენა ისტორიული, უპრეცედენტო ერთიანობა და ეს გრძელდება ამ წამებშიც. ვიმეორებ, აზრთა სხვადასხვაობაა, თემა და პრობლემა არის მტკივნეული, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, სხვადასხვა მოსაზრებები გამოთქვან. თუმცა, არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწრაფოდ. ვიმეორებ, ქვეყანას არ ჰყავს ორგანო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას და ექნება კვორუმი. არჩევნები უნდა ჩატარდეს ივნისამდე“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.
ოპოზიციურ პარტია „ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი აზრი გააჩნდეს.
„ეს ბატონი მამუკას უფლებაა – ჰქონდეს ასეთი პოზიცია, და ბატონი ირაკლის უფლებაა – ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია. ამაზე საუბარი არ ყოფილა. როდესაც გაიმართება მომდევნო შეხვედრა, მე სიამოვნებით მოვუსმენ ერთსაც და მეორესაც. სწორედ ესაა ოპოზიციური ერთობის ძალა, ერთი მხრივ, ჩვენ პრინციპულები ვართ, მეორე მხრივ – შეგვიძლია ერთმანეთის მოსმენა“, – განაცხადა პარტიის წევრმა ლევან თარხნიშვილმა.
ამჟამად ოპოზიციური პარტიების 60 წარმომადგენლიდან არც ერთი არ მონაწილეობს პარლამენტის მუშაობაში. ამასთან, მათმა დიდმა ნაწილმა უკვე გააკეთა განაცხადი მანდატის ჩაბარებაზე. პარლამენტი მათ მოთხოვნას უახლოეს მომავალში განიხილავს.
საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენელი შედის>>
ხაზარაძის პარტიის შესახებ
„ლელო საქართველოსთვის“ 2019 წლის დეკემბერში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ბანკირებს ბრალი ედებათ „თიბისი ბანკის“ მეშვეობით 17 მილიონამდე დოლარის გათეთრებაში. ბიზნესმენებმა ხელისუფლების ეს ნაბიჯი შეაფასეს, როგორც პოლიტიკური დევნა. საქმე ჯერ კიდევ სასამართლოშია.