თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას გეგმავს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
სადეპუტატო მანდატებზე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ყველა დეპუტატი უარს აცხადებს>>
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, „პატრიოტთა ალიანსმა” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 3.14% მიიღო და მას ოთხი საპარლამენტო მანდატი ერგო. პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა და მისი პარტიული სიის კიდევ ორმა წევრმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით მეათე მოწვევის პარლამენტს ორი დღის წინ მიმართეს.
„ოპოზიციის ადგილი საკანონმდებლო ორგანოშია და პარტიებმა ეს ბერკეტი ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის უნდა გამოიყენონ“, – განაცხადა ენუქიძემ.
როგორც მან აღნიშნა, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით საკანონმდებლო ორგანოსთვის მას არ მიუმართავს, თუმცა, ჯერ არც ის იცის, როდის შევა პარლამენტში.
„მე ვრჩები „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერად და მეგობრად. მათ აქვთ ისეთი შეხედულება, მე – ასეთი. ჩვენთან პარტიაში თავისუფალი ადამიანები ვართ, არავინ არავის არ ზღუდავს და ვერც შემზღუდავენ. არც არავის უცდია ჩემი შეზღუდვა, პირიქით“, – განაცხადა ენუქიძემ.
საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, 22 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. არჩევნების შედეგად 150-დან 60 ადგილი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ამ დროისათვის სადეპუტატო მანდატებზე ოფიციალურად უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი). ამ პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებისთვის უკვე მიმართეს, ხოლო დეპუტატებმა – უფლებამოსილების მოხსნის შესახებ – პარლამენტს. ამ სიას ასევე შეუერთდა პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
კობახიძე: ოპოზიციას ორი ვარიანტი აქვს – ცუდი და ძალიან ცუდი>>
რვა ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ცესკოსთვის ჯერ არ მიუმართავთ „მოქალაქეებს“ და „გირჩს“. მათ ასევე არ მოუწერიათ ხელი საჯარო უარზე სადეპუტატო მანდატების დათმობის შესახებ.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლასა და მუშაობაზე უარს აცხადებს. ოპოზიციის წარმომადგენელთა სავარძლები დღემდე ცარიელია.