გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

© photo : courtesy of International Criminal Courtჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ახალ თანამდებობას 10 წლით - 2030 წლამდე დაიკავებს.

თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

„რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოების ასამბლეას მადლობას ვუხდი საქართველოს კანდიდატურისადმი გამოხატული ნდობისთვის. ვულოცავ ჩემს ძველ მეგობარსა და კოლეგას, ახლა მოსამართლეს, გოჩა ლორთქიფანიძეს. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებებს მიაღწევ. ჩემთვის დიდი პატივი იყო და ამაყი ვარ, რომ ამ კამპანიის გუნდის ნაწილი ვიყავი“, - წერს  გაეროში საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემ Twitter-ზე.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 18 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრად წარადგინა. ის შეცვლის თეა წულუკიანს, რომელიც ამ პოსტს რვა წლის განმავლობაში იკავებდა.

პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა  მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა მოსამართლემ ასეთი მაღალი პოზიცია დაიკავა.

„მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში პარტნიორ სახელმწიფოებს მხარდაჭერისთვის, ბევრ ჩემს კოლეგას, ვინც პირადი საუბრებისას მიდასტურებდნენ მხარდაჭერას, ასევე საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, რომელთაც დიდი სამუშაო გასწიეს ამ შედეგისთვის“, - დაწერა ზალკალიანმა თავის Facebook-გვერდზე.

ლორთქიფანიძის დანიშვნას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა.

„საქართველო ამაყია, რომ მისი კანდიდატი ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს“, - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა თავის Twitter-აკაუნტში.

ციხე - Sputnik საქართველო
ქართული საპყრობილეები საერთაშორისო დამნაშავეებს მიიღებენ

ლორთქიფანიძე ახალ თანამდებობას 2030 წლამდე დაიკავებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო - პირველი მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალია, რომელიც განიხილავს ინდივიდუალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულებისათვის: გენოციდი, სამხედრო დანაშაულები, ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულები და აგრესიის დანაშაული.

სასამართლო დაფუძნდა 1998 წელს რომის სტატუტის საფუძველზე, რომელიც ძალაში 2002 წელს შევიდა. 2020 წლისთვის რომის სტატუტის რატიფიცირება 123-მა სახელმწიფომ მოახდინა.

საქართველო რომის სტატუტს 2003 წლის 5 სექტემბერს შეუერთდა.

გოჩა ლორთქიფანიძე 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. 1991-2005 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში, იყო საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილების თანამშრომელი, გაეროს სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, საგანგებო დავალებათა ელჩი და კონფლიქტების საკითხებზე მიზნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი.

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა: ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს

1999-2003 წლებში მუშაობდა გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩევლად, შემდეგ კი უფროს მრჩევლად. 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

2007 წელს გახდა ფულბრაიტის სტიპენდიანტი და საქმიანობა ნიუ იორკში აკადემიურ სფეროში გააგრძელა: 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში კი – ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი.

ყველა ახალი ამბავი
0