თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მეათე მოწვევის პარლამენტს წარუდგინა ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამჟამად ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად ითვლება.
აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კაბინეტში ერთადერთი ახალი სახეა. კერძოდ, იუსტიციის მინისტრის პორტფელს გოჩა ლორთქიფანიძე ჩაიბარებს, რომელიც 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. უწყების ყოფილი ხელმძღვანელი თეა წულუკიანი კი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.
მინისტრობის კანდიდატებად წარდგენილი არიან:
1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი;
2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი;
3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათელა თურნავა;
4. თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი;
5. იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე;
6. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე;
7. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;
8. საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი;
9. ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი;
10. შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური;
11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი.
ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი. კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება.
რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის”, მისი ძირითადი მიზანია პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება, თითოეული მოქალაქისთვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება.