ქართული საპყრობილეები საერთაშორისო დამნაშავეებს მიიღებენ

© photo: AFP 2020 / Christophe Petit Tessonციხე
ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ ჰააგის სასამართლოსთან ხელი მოაწერა შეთანხმებას დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, ბელგიისა და სხვა ევროპული ქვეყნების კვალდაკვალ.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჰააგის სასამართლოს სასჯელის აღსრულების შესახებ, ანუ საერთაშორისო დამნაშავეები სასჯელის მოხდას საქართველოში შეძლებენ, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე.

შეთანხმება დაფუძნებულია ე.წ. ორმაგი თანხმობის სისტემაზე: პირველ ეტაპზე შეთანხმების დადებით სახელმწიფო აცხადებს ზოგად თანხმობას, ჩაერთოს ჰააგის სასამართლოს მიერ პირთათვის მისჯილი სასჯელის აღსრულების სისტემაში, მეორე ეტაპზე კი სახელმწიფოს რჩება უფლება კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს სასამართლოს მიერ სასჯელშეფარდებული პირის სასჯელის აღსრულების მიზნით საკუთარ ტერიტორიაზე მიღების მიზანშეწონილობის საკითხი თანხმობის ან უარის განცხადების გზით.

დღეისათვის ჰააგის სასამართლო იხილავს შესაძლო დანაშაულებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უგანდაში, სუდანში, კოტ-დ'ივუარსა და ცენტრალურ აფრიკაში.

ამ ეტაპზე ჰააგის სასამართლოს არ აქვს სასჯელის აღსრულებისთვის ქართული პენიტენციური სისტემის გამოყენების საჭიროება.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
ვიდეოსასამართლო და გაძლიერებული დაცვა – საქართველოს ციხეებში სიახლეები იგეგმება

„ვითარების შეცვლის შემთხვევაში საქართველოს პენიტენციური სისტემა უკვე შეძლებს დახმარება გაუწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და სასჯელშეფარდებული პირები საკუთარ ტერიტორიაზე მიიღოს", – ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს საქართველოს პენიტენციური სისტემის აღიარებას და ამასთან აძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო მართლმსაჯულებაში.

ჰააგის სასამართლოს მსგავსი შეთანხმება გაფორმებული აქვს ავსტრიასთან, ბელგიასთან, დანიასთან, ფინეთთან, ნორვეგიასთან, სერბეთთან, შვედეთთან და დიდ ბრიტანეთთან.

ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოში სასჯელაღსრულების სისტემამ სერიოზული რეფორმები განიცადა. სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულება დაყოფილია მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების კატეგორიების მიხედვით. ციხეებში გარანტირებულია პაემანი, მათ შორის ონლაინ, მოქმედებს ციხის მაღაზიების ქსელი, მსჯავრდებულებს მუშაობის ან პროფესიის დაუფლების საშუალება აქვთ. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ისარგებლონ უფასო სამედიცინო მომსახურებითა და ბიბლიოთეკით.

 

ყველა ახალი ამბავი
0