თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. პენტაგონმა შეწყვიტა თანამშრომლობა აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წარმომადგენლებთან მას შემდეგ, რაც უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კრის მილერისგან შესაბამისი მითითება მიიღო, იუწყება პორტალი Axios ადმინისტრაციაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.
პორტალის მაღალჩინოსანი წყაროები ახსნას ვერ უძებნიან მილერის გადაწყვეტილებას და ასევე ვერ სცემენ პასუხს კითხვაზე, აქვს თუ არა ამასთან რაიმე კავშირი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. იმავდროულად ისინი არ გამორიცხავენ, რომ თანამშრომლობა საშობაო და საახალწლო ზეიმების შემდეგ განახლდეს.
პორტალის ინფორმაციით, შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით არც ბაიდენის წარმომადგენლებს აქვთ ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს არ შედგა პირველი შეხვედრა აშშ-ის მოქმედ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და მის შემცვლელ ტონი ბლინკენს შორისაც. როგორც სახელწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, პომპეო კარანტინზე გადავიდა კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო.
ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციის დღეს თეთრი სახლის დატოვებას არ აპირებს>>
14 დეკემბერს გამართული აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიის 538 წევრის კენჭისყრის შედეგების თანახმად, დემოკრატ ჯო ბაიდენს 306 ელექტორალური ხმა ერგო, ხოლო დონალდ ტრამპს — 232. შესაბამისად, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ბაიდენია არჩეული. კენჭისყრის შედეგები 6 იანვარს უნდა დამტკიცდეს კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი.