თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ზოგ მრჩეველს განუცხადა, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს უარს იტყვის თეთრი სახლის დატოვებაზე, ირწმუნება ტელეარხი CNN.
მანამდე ტელეარხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი, მიუხედავად ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგებისა, არ აპირებს საჯაროდ აღიაროს მარცხი საპრეზიდენტო არჩევნებში.
„კენჭისყრის შედეგების უკიდურესი უარყოფის მომენტში ტრამპმა რამდენიმე მრჩეველს გაუმხილა, რომ არ აპირებს დატოვოს თეთრი სახლი ინაუგურაციის დღეს“, — აცხადებს CNN.
არხის ცნობით, პრეზიდენტის განცხადებამ მრჩევლები შეაშფოთა, თუმცა „ცოტას თუ სჯერა, რომ ტრამპი მართლაც ბოლომდე მიიყვანს საქმეს“.
14 დეკემბერს გამართული აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიის 538 წევრის კენჭისყრის შედეგების თანახმად, დემოკრატ ჯო ბაიდენს 306 ელექტორალური ხმა ერგო, ხოლო დონალდ ტრამპს — 232. შესაბამისად, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ბაიდენია არჩეული. კენჭისყრის შედეგები 6 იანვარს უნდა დამტკიცდეს კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი.