საქართველოს პარლამენტში თანამდებობებს ანაწილებენ: ოპოზიციის კვოტები ვაკანტური რჩება

© Sputnik / STRINGERპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო კომიტეტებში თავმჯდომარეების მოადგილეებად მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აირჩიეს

თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში კომიტეტების პირველი სხდომები გაიმართა, რომლებზეც თავმჯდომარეების მოადგილეები აირჩიეს, აღნიშნულია საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე.

კობახიძე: ჩვენ ღია ვართ ოპოზიციასთან კონსულტაციისთვის >>

ახალი პარლამენტი მუშაობას 11 დეკემბრიდან შეუდგა. პირველ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანომ თხუთმეტი კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩია - ყველა მმართველი გუნდის - „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, ვინაიდან ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.

ორშაბათს პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომები ჩატარდა.

მეათე მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ ახალი მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა „შეიტყუოს“

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის პირველი მოადგილე გახდა გურამ მაჭარაშვილი. რაც შეეხება მოადგილეებს, როგორც ქადაგიშვილმა განმარტა, კანდიდატურა ჯერ არ წამოუყენებია არც უმრავლესობის ფრაქციას, არც ოპოზიციას, რომელიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, რადგან არ ცნობს არჩევნების შედეგებს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განმარტა, უნდა ჰყავდეს სამი მოადგილე - პირველი მოადგილე და კიდევ ორი მოადგილე ფრაქციების კვოტით.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ პაატა კვიჟინაძე აირჩიეს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ასევე ირაკლი ზარქუას კანდიდატურას, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნების“ კვოტით იყო წარდგენილი. ოპოზიციის კვოტა ამ კომიტეტშიც ვაკანტური დარჩა.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გადაიდო >>

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე, რომელსაც დიმიტრი ხუნდაძე ხელმძღვანელობს, აირჩიეს ვლადიმერ კახაძე, მის მოადგილედ კი საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით - ზაალ მიქელაძე.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე მხარი დაუჭირეს ხატია წილოსანის კანდიდატურას, „ქართული ოცნების“ ფრაქციის კვოტით კი - გოგი მეშველიანის კანდიდატურას.

ყველა ახალი ამბავი
0