„ქართულმა ოცნებამ“ ახალი მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა „შეიტყუოს“

© photo: Sputnik / Stringerმეათე მოწვევის პარლამენტი
მეათე მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „გირჩის“ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პატარა ოპოზიციური პარტიები პარლამენტში ამინდს ვერ შექმნიან და მთავარი ოპოზიციური ძალის გარეშე ის ერთპარტიული დარჩება.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლის სურვილი გაუჩნდეს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი - Sputnik საქართველო
დაპირისპირება ოპოზიციის რიგებში: პარტია „მოქალაქეები“ თავდასხმების ობიექტი გახდა

მანამდე პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იგეგმება კანონის მიღება, რომელიც მთავარ ოპოზიციურ ძალას - „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამო საარჩევნო რეგისტრაციას გაუუქმებს.

მეგრელიშვილის თქმით, ამ განცხადებამ მნიშვნელოვნად შეცვალა კლიმატი და დამოკიდებულება, მათ შორის, მოლაპარაკების პროცესისადმი, რომელიც ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების შუამდგომლობით მიმდინარეობს.

„დღევანდელი მოცემულობით, ჯერჯერობით პარლამენტი ერთპარტიულია. თუ იქ იქნება „ქართული ოცნება“ და, ვთქვათ, „გირჩის“ მსგავსი პარტია, ის პარლამენტი ვერ იქნება. ჩვენ იქ აუცილებლად გვჭირდება „ნაციონალური მოძრაობა“. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, რომ ისეთი კლიმატი შექმნას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკოსებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ პროცესში და თვითონვე უნდოდეთ პარლამენტში შესვლა. ანუ ეს არ არის სიტუაცია, რომ პარლამენტში შესვლა არ უნდათ, კარგად ვიცნობ ჩემს კოლეგებს, უბრალოდ შექმნილია სიტუაცია, სადაც პარლამენტში შესვლა სირცხვილია, უბრალოდ სირცხვილია“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილმა ასევე განმარტა, თუ რა შემთხვევაში იტყვიან უარს „გირჩის“ დეპუტატები მანდატებზე.

„იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები არ გაგრძელდება და ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში დარჩება, „გირჩის“ პოზიცია იქნება შემდეგი: როგორც კი 38 დეპუტატი უფლებამოსილებას მოიხსნის და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი არ იქნება, დიდი ალბათობით, „გირჩის“ ოთხივე, მაგრამ მინიმუმ სამი დეპუტატი დავწერთ განცხადებას პარლამენტის დატოვების შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი, ჩვენი გაგებით, ვერ შედგა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა. 

ოპოზიცია ხელს აწერს მეათე მოწვევის პარლამენტის მანდატებზე უარის შესახებ მემორანდუმს - Sputnik საქართველო
ოპოზიცია ხელს აწერს მემორანდუმს მეათე მოწვევის პარლამენტის მანდატებზე უარის შესახებ

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა, რომელსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებოდნენ. დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილები, საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ცარიელი იყო.

პარლამენტში არჩევნების შედეგად შესული რვა პარტიიდან ცესკოსთვის პროპორციული სიების გაუქმების მოთხოვნით ჯერ არ მიუმართავთ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, „გირჩს“ და „მოქალაქეებს“. აღნიშნულ პარტიებს არც ხელი მოუწერიათ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით ოპოზიციის მემორანდუმზე.

დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია ასევე „რესპუბლიკურ პარტიას“, რომელიც შედის ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. ოპოზიციამ 150-დან 60 ადგილი მიიღო. აქედან ყველაზე მეტი, 36 მანდატი მოიპოვა ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“.

 

ყველა ახალი ამბავი
0