თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები ადასტურებს, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ზუსტია. განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია საკუთარ Facebook-გვერდზე ავრცელებს.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) გუშინდელ ანგარიშისა და შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრის შედეგად გაირკვა, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, რაც გავლენას არ ახდენს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
მეათე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება პარასკევს, 11 დეკემბერს მიენიჭა, ხოლო მინისტრთა კაბინეტი გადადგა. პარლამენტის პირველ სხდომას მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატები ესწრებოდნენ. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, მათ გაყალბებულს უწოდებს, მოითხოვს რიგგარეშე არჩევნებს და მანდატებზე უარს აცხადებს.
31 ოქტომბრის შემდეგ ოპოზიცია მართავდა საპროტესტო აქციებს, სადაც თამარ ჟვანიას და ცესკოს აპარატის გადადგომას მოითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ არჩევნები პირადად ჟვანიამ და მისი აპარატის თანამშრომლებმა გააყალბეს.
თამარ ჟვანია ცესკო-ს მიმართ განხორციელებულ ბრალდებებსა და ზეწოლაზე საუბრობს. მისი თქმით, ოპოზიციური მხრიდან მსგავსმა ქმედებებმა დიდი ზიანი მიაყენა საარჩევნო ადმინისტრაციასა და მთლიანად საარჩევნო პროცესს.
„არ შემიძლია არ გავიხსენო განვლილი მძიმე დღეები, ტალახის სროლა, ბრალდებები, შეურაცხყოფა, „ბულინგი“ და მუქარა, რაც ცესკოს მიმართ, პირადად ჩემზე და მთელს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ხორციელდებოდა. დაგვიანებით გაჟღერებული, მაგრამ უკვე საჯაროდ გამოტანილი რეალობა იმედი მაქვს შეცვლის იმ დამოკიდებულებებს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
ჟვანიას განცხადებით, თითოეულმა ადამიანმა, რომელიც ცესკო-ს დამნაშავეებად აცხადებდა, უნდა გაიაზროს არსებული რეალობა.
„იმედია თითოეული ის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად უაპელაციოდ დამნაშავეებად გვაცხადებდა, შეცვლის თავის დამოკიდებულებას და გაიაზრებს, რომ სიმართლე არასდროს იკარგება; ხოლო ისინი, რომლებიც პირდაპირ მუქარას ახორციელებდნენ, მიიღებენ შესაბამის პასუხს“, - წერს ჟვანია.
გარდა ამისა, ის მხარდაჭერას უცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ს, მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს მიმართ ასეთი მხარდაჭერა არ უგრძვნია.
„იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და მის ხელმძღვანელობაზე განხორციელებული ზეწოლის პირობებში არ გაკეთებულა შესაბამისი მხარდამჭერი განცხადებები, ჩემთვის პირადად და მთელი ადმინისტრაციისთვის მიუღებელია და ვგმობთ შეტევებს, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვა ჩართული მხარეების მიმართ“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
ოპოზიციის მხრიდან ISFED-ის მისამართით მკვეთრი განცხადებები გაისმა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაინახეს კავშირი ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალ შედეგებსა და პარლამენტის პირველ სხდომაზე მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შორის, როდესაც ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე ხმის დათვლის ხარვეზებზე ღიად საუბრობდნენ.
ხუთშაბათს მმართველ პარტიასა და პარლამენტში შესულ რვა ოპოზიციურ პარტიას შორის მოლაპარაკებთა მეხუთე რაუნდი იყო დაგეგმილი, სადაც შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები უნდა განხილულიყო, თუმცა მოლაპარაკებები გადაიდო.
მოლაპარაკებების ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ პოზიცია გახდა, რომელმაც ოთხშაბათს განმარტა, თუ რა შემთხვევაში დაეთანხმება რიგგარეშე არჩევნების გამართვას. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროებითი საპარლამენტო კომისია ხმებს გადაითვლის და დაადგენს არჩევნების შედეგების თუნდაც 1%-იან შეუსაბამობას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
ISFED-ის მიერ ხმების დათვლის შედეგები თითქმის მთლიანად დაემთხვა ცესკოს მიერ გამოცხადებულ შემაჯამებელ მონაცემებს - თითოეული საარჩევნო სუბიექტის შემთხვევაში ცდომილება 1%-ზე ნაკლები იყო.