ლომჯარია: „სად ვართ ახლა ან რამდენი წლით დავიხიეთ უკან...“

© press-service of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ლომჯარია ამხნევებს ISFED-ის გუნდს, არჩევნებზე მათ მუშაობას აფასებს და ასევე იმედს იტოვებს, რომ ორგანიზაცია დამატებით მკაფიო განმარტებებს გააკეთებს

თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED) სანდო ორგანიზაციას უწოდებს, თუმცა მის მიერ ახალი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე პასუხებს ელოდება.

ბიულეტენები - Sputnik საქართველო
„სამართლიანი არჩევნები“ პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს

 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) გუშინდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრის შედეგად გაირკვა, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, რაც გავლენას არ ახდენს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

ორგანიზაციაში, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი განახორციელა, აცხადებს, რომ აუდიტის შედეგებმა გამოავლინა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც.

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშმა როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში არაერთგვაროვანი რეაქცია და კრიტიკა გამოიწვია.

„მოდით, საკითხები მნიშვნელობის მიხედვით დავალაგოთ და არა სიახლეების:

1. ამ არჩევნებზე შემაჯამებელი ოქმების უპრეცედენტო რაოდენობაში იყო მნიშვნელოვანი დისბალანსები, ჩასწორებები, გადაკეთებები. დაფიქსირდა ჩაყრები, ე.წ. კარუსელები. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით დაიწერა ასობით საჩივარი, თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციამ/სასამართლოებმა არ ჩათვალეს საჭიროდ განეხილათ, ემსჯელათ, გაეხსნათ და გადაეთვალათ უბნების მასალები. მათ არ შეასრულეს ის ვალდებულება, რის შესრულებასაც კანონი ავალდებულებთ;

2. არჩევნების დღეს იდენტიფიცირებულ პრობლემებს ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი განხილვები რომ მოჰყოლოდა, დღეს ჩვენი დემოკრატია სულ სხვა დონეზე იქნებოდა! მძიმეა ფიქრი იმაზე, სად ვართ ახლა ან რამდენი წლით დავიხიეთ უკან, რამდენი წელი დავკარგეთ, სანამ იმას მივაღწევთ, რაც აქვე იყო და შესაძლებელი იყო.

3. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ISFED-მა PVT-ს ერთ-ერთ კომპონენტში, კერძოდ, არჩევნების შედეგების გამოცხადების ნაწილში დაუშვა შეცდომა. „ისფედი“ ბრენდია, რომელიც ნდობას იწვევს და ამიტომაა ამ ფაქტით ამდენი იმედგაცრუებული ადამიანი. თუმცა, ორგანიზაციამ იზრუნა იმაზე, რომ საკუთარი მონაცემები კრიტიკულად შეეფასებინა და შეცდომა აღიარა;

4. კითხვები რჩება და იმედია, ამ შეკითხვებს ორგანიზაციის წარმომადგენელი პირები ამომწურავ პასუხებს გასცემენ.

5. და ბოლოს, მინდა მივმართო „ისფედის“ წევრებს, თანამშრომლებს, დამკვირვებლებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ყველაზე კეთილსინდისიერი, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სწორი ღირებულებების მქონე ადამიანები. თქვენ არ დაგიზოგავთ თავი საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. თქვენი საქმიანობით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. მინდა იყოთ მხნედ და საკუთარ თავში რწმენით გააგრძელოთ დაგეგმილი მნიშვნელოვანი საქმეების კეთება“, – წერს ნინო ლომჯარია.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გერმანია და საფრანგეთი საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურებიან

მეათე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება პარასკევს, 11 დეკემბერს მიენიჭა, ხოლო მინისტრთა კაბინეტი გადადგა. პარლამენტის პირველ სხდომას მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატები ესწრებოდნენ. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, მათ გაყალბებულს უწოდებს, მოითხოვს რიგგარეშე არჩევნებს და მანდატებზე უარს აცხადებს.

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროებითი საპარლამენტო კომისია ხმებს გადაითვლის და დაადგენს არჩევნების შედეგების თუნდაც 1%-იან შეუსაბამობას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. 

ISFED-ის გუშინდელი ანგარიში ოპოზიციის მიერ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნას საფუძველს უკარგავს.

ყველა ახალი ამბავი
0