თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხელისუფლებას მოუწოდებს, COVID-19-თან ბრძოლის მიმართულებით საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხი გასცეს.
ლომჯარია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამჭვირვალობისთვის საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე საპასუხოდ მხოლოდ საწოლფონდსა და ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე მითითებები საკმარისი არ არის.
ომბუდსმენი მიმართავს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია COVID 19-ის შემთხვევების აუდიტის ექპერტთა ჯგუფის საქმიანობის შედეგების თაობაზე.
„კერძოდ, ამ დროისთვის რამდენი შემთხვევა გაანალიზდა, რა ხარვეზები გამოიკვეთა და რა კონკრეტული რეკომენდაციები გაიცა. ასევე, კონკრეტულად რა ზომების მიღება არის დაგეგმილი და როდისთვის, გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად“, -აღნიშნულია სახალხო დამცველის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, ნინო ლომჯარია მწუხარებას გამოთქვამს 19 წლის თეკლა თორდიას კორონავირუსით გარდაცვალებაზე და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრების განმარტებით, პაციენტს აღენიშნებოდა თანმდევი ქრონიკული დაავადება, მათი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ის კლინიკაში დროულად არ გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში სხვადასხვა მედიასაშუალებები და კორონავირუსით გარდაცვლილთა ახლობლები ხშირად ადანაშაულებენ ჯანდაცვის სამინისტროს პაციენტების დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაში, რამაც კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალება გამოიწვია.
კორონავირუსი თუ გულგრილობა? რატომ გარდაიცვალა თბილისში 19 წლის გოგონა >>
სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირების ბუმი დაიწყო – კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა ზრდამ ბოლო დღეებში 5 ათასს გადააჭარბა.
ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 158 154-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 129 210-მდე. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კი 1 462 ადამიანი გარდაიცვალა.