21:42 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
139 0 0

გოგონას მშობლების თქმით, ისინი მათი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ქალიშვილის საავადმყოფოში გადაყვანას ხუთი დღის განმავლობაში იხვეწებოდნენ

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას ოჯახი ხელისუფლებას ადანაშაულებს - მათი თქმით, მათ ქალიშვილს დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს.

კორონავირუსმა 19 წლის გოგონა იმსხვერპლა >>

თეკლა თორდია, რომელიც დიაბეტით იყო ავად, მკურნალობას კოვიდ-სასტუმროში გადიოდა. რამდენიმე დღის წინ მისი მდგომარეობა დამძიმდა და ის დედაქალაქის გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, კლინიკაში შეყვანის მომენტში პაციენტის მდგომარეობა უკვე კრიტიკული იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გოგონა საავადმყოფოში 30 ნოემბერს გარდაიცვალა.

გოგონას მშობლები აცხადებენ, რომ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი კოვიდ-სასტუმროში მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ კლინიკებში ადგილი არ იყო. გარდაცვლილის დედის, ირმა ხელაშვილის თქმით, მისი ქალიშვილი ინსულინდამოკიდებული იყო, ამიტომ ოჯახი მოითხოვდა სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას, თუმცა ამასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა.

„ერთმანეთთან გვამისამართებდა ჯანდაცვა და 112, არ გვაქვს ადგილებიო, სასწრაფოც არ მოდიოდა, მოვიდა და გადაყვანის პრობლემა შეიქმნა. აი ტელეფონი და თქვენ დარეკეთო, იქნებ ვინმე გყავდეთ ნაცნობი სამინისტროში ან სადმე, რომ ადგილი გამოგიძებნონ და გადაგიყვანოთო“, - უამბო ხელაშვილმა „მთავარ არხს“.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში მისი ქალიშვილი საავადმყოფოში ჩვეულებრივი მიკროავტობუსით გადაიყვანეს.

„ამბობდა, რომ ძალიან მცივა, ხელები სულ ლურჯი მაქვსო, როგორ ჩამოვალ აქედანო... არ მოხდა მართვა, არ მოხდა დროული ჰოსპიტალიზაცია, 5 დღის მანძილზე ვიხვეწებოდით, რომ გადაეყვანათ ჰოსპიტალში", - აცხადებს ხელაშვილი.

კლინიკის განმარტება

თბილისის გერმანული ჰოსპიტლის დირექტორმა ეკატერინე ლორიამ განაცხადა, რომ პაციენტი მათთან კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს.

„ჩვენთან მოსული იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. ჰქონდა თანმხლები დაავადება. სავარაუდოდ, შეკრებილი ანამნეზიდან გამომდინარე, თანმხლები დაავადება გარკვეულ პერიოდში არ იყო გონივრულად ნამართი. თვითონ პაციენტის მიერ თუ ექიმის მიერ, ეს არ ვიცი. თანმხლები დაავადება იყო ძალიან მძიმე“, - განაცხადა ლორიამ.

ჩატარდება შემოწმება

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო შეისწავლის ყველა დეტალს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული 19 წლის გოგონას გარდაცვალებას უკავშირდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

„ყველა დეტალს, რომელიც ამ შემთხვევას უკავშირდება, სამინისტრო შეისწავლის, მათ შორის გამოძახების სიზუსტეს ანუ გამოძახების თარიღს, ასევე დროს და იმას, თუ რამდენად სწრაფად მოხდა რეაგირება და რას უკავშირდება და უკავშირდება თუ არა ეს შემთხვევა იმას, რომ რომელიმე ეტაპზე რაიმე სახის ჩარევა დაგვიანდა. სამინისტროს პროტოკოლი ითვალისწინებს თანმხლები დაავადებების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციას გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და შეიძლება მისი მართვა მოხერხდეს კოვიდსასტუმროში. იმ დაშვებით, რომ კლინიკური გამოკვლევები მას ჩაუტარდება კოვიდსასტუმროდანაც. რამდენადაც მე მესმის, ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ექიმის შეფასებით მდგომარეობა ჩაითვალა, რომ იყო სტაბილური და საწყის ეტაპზე პაციენტს მიეცა რეკომენდაცია კოვიდსასტუმროში მკურნალობის“, - განაცხადა გაბუნიამ.

ეს ახალგაზრდა პაციენტის კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა არაა. ოქტომბერში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან 15 წლის გოგონა გარდაიცვალა.

მთლიანობაში საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს 1 303 ადამიანი ემსხვერპლა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები