თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. აჭარის მთავრობის სახლთან, სპეციალურ კარავში აქციის მონაწილეებმა კაფე გახსნეს, იუწყება პირველი არხი.
კარვები, ჯიხურები, პროტესტი: რა ხდება აჭარის მთავრობის სახლთან >>
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ, აქციაზე მისულ ადამიანებს კი კაფეში ყავითა და ტკბილეულით უმასპინძლდებიან.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქციაზე კორონავირუსის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, მთავრობა კი კორონავირუსს მის სასარგებლოდ იყენებს.
„აქციის კლასტერი არ ყოფილა. პასუხისმგებლობას იღებს ყველა ის ადამიანი, ვინც მოდის აქ. ვინც მიიჩნევს, რომ აქ ყოფნა კოვიდის კუთხით არის საშიში, აქ არ მოვა. ეს არის პროტესტის ფორმა ხელისუფლების მიმართ, რომელიც კოვიდს იყენებს მის სასარგებლოდ. თუ ვინმეს ეშინია, თუ ვინმე ფიქრობს, რომ აქ კოვიდის ბუდეა, ეს ადამიანი არ მოვა აქციაზე“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ.
ბათუმში საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში 8 ნოემბრიდან ტარდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნებია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
უფრო ადრე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ რეგიონში სოციალურ–ეკონომიკური საკითხების მოგვარებას თავად აპირებენ. კვირას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან გადასატანი სავაჭრო კიოსკი მიიტანეს და შეკრებილებს დაჰპირდნენ, რომ არ დაემორჩილებიან კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ ახალ შეზღუდვებს და „დაუმორჩილებლობის უბანს" მოაწყობენ.
ბათუმის აქციის მონაწილეებს სოლიდარობა თბილისში გამოუცხადეს. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე ე.წ. ბუშტების აქცია მოეწყო.
„ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიციელებმა, მაქსიმუმ, გადაიღონ ეს ბუშტები, მაგრამ არ გვიშლიან ბუშტებით ხელში დგომას, ბათუმში კი ამისთვის დიდი ბრძოლა გაიმართა. ჩვენც ვუერთდებით და ვართ სოლიდარულები, ამიტომ დავაწერეთ „მონა რიჟვაძე" ამ ბუშტებს. რა თქმა უნდა, უამრავი ადამიანის სახელია, რომლის დაწერაც ამ ბუშტებზე შეიძლება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს. ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები დააწესა. ყველაზე სერიოზული შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.