თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გაეროს ოფიციალურ ონლაინ-ღონისძიებაზე.
ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თარიღს 1981 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღეს 1960 წელს დომინიკას რესპუბლიკის ლიდერის, რაფაელ ტრუხილიოს ბრძანებით სასტიკად მოკლეს სამი და მირაბალები, რომლებიც რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. 1999 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
„ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მიუხედავად COVID-19-ს მდგომაროებისა, არანაირი შეფერხება არ არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სერვისების მიწოდებაში (თავშესაფრები, კრიზისის ცენტრები, ცხელი ხაზები); სახელმწიფომ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ქალებსა და გოგონებს, რათა ძალადობის შემთხვევაში მათ მოიძიონ დახმარება და დაუკავშირდნენ სამართალდამცავებსა და სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ოჯახურ ტირანებზე ელექტრონული მეთვალყურეობაზე, რომელიც საქართველოში წელს შემოიღეს.
„შემაკავებელ ორდერთან ერთად, ეს მექანიზმი დამნაშავის რეალურ დროში მონიტორინგისა და მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან თუ სხვა სივრცეებში მიახლოების აკრძალვის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა გამოხატა მადლიერება გენერალური მდივნის მიმართ განსაკუთრებული მოწოდებისთვის – „მშვიდობა შინ“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ყველა ქვეყნის თანამშრომლობა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა.
ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის. 2020 წლის ცხრა თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის 4 138 შემთხვევა მოხდა. ძალადობის მსხვერპლთა ძირითადი ნაწილია 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალებია. წლის დაწყებიდან ოჯახში ძალადობას 19 ქალი ემსხვერპლა.