თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. საინიციატივო ჯგუფი „ქალთა მოძრაობა“ გაუპატიურების დეფინიციის შეცვლას ითხოვს, ინფორმაციას საინიციატივო ჯგუფი სოციალურ ქსელ Facebook-ში ავრცელებს.
წერილში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა, სექსუალური ძალადობა ხშირად დაუსჯელი რჩება და მსხვერპლებს შეზღუდული აქვთ მართლმსაჯულებაზე წვდომა.
ამის მიზეზად „ქალთა მოძრაობა“ ასახელებს ამ მიმართულებით პრობლემურ კანონმდებლობას და პრაქტიკას, რომელიც თანხვედრაში არ მოდის საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სტანდარტებთან.
„ერთ-ერთი მიზეზი სექსუალური ძალადობის შესახებ არსებული პრობლემური კანონმდებლობა და პრაქტიკაა, რომელიც არ მოდის თანხვედრაში საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სტანდარტებთან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სქესობრივი დანაშაულების დეფინიციები შეზღუდულია, პრაქტიკაში კი დამკვიდრებულია მეტისმეტად ხისტი, მოუქნელი სტანდარტები სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით. შედეგად, სექსუალური ძალადობის უფრო ისეთი ფაქტების გამო ისჯებიან დამნაშავეები, სადაც მსხვერპლის სხეულზე ფიზიკური დაზიანებები და სქესობრივი აქტის დამადასტურებელი ბიოლოგიური მასალა არსებობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ თანხმობა უნდა განისაზღვრებოდეს, როგორც თავისუფალი, ნებაყოფლობითი და ნამდვილი და მისი არარსებობის დადასტურება უნდა მოხდეს კონტექსტის გამოკვლევით და გარემომცველი გარემოებების გათვალისწინებით.
„სტამბოლის კონვენცია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი განამტკიცებს, რომ გაუპატიურება არის მსხვერპლის სხეულში მისი თანხმობის გარეშე განხორციელებული სექსუალური ხასიათის შეღწევა. თანხმობის არარსებობა უნდა დამტკიცდეს კონტექსტის შეფასებით და ყველა გარემოების გათვალისწინებით. CEDAW-ს კომიტეტის (ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის კომიტეტი) თანახმად, უნდა გადაისინჯოს მტკიცებულებების შესახებ არსებული სტანდარტები ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებთან მიმართებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი გაუპატიურებას გულისხმობს. „გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევას სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებას“.
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1999 წლის 17 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე მიღებული რეზოლუციით გამოაცხადა. ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად.