თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველები რამდენიმე საათი ეძებდნენ 58 წლის მამაკაცს, რომელსაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ხუთი წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობის გამო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება „პირველი არხი“.
პედოფილიაში ბრალდებული სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ სამართალდამცველები დამნაშავის დასაკავებლად ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, მის სახლში მივიდნენ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ის მანამდე გაიქცა.
მამაკაცი რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს და დააკავეს.
საქმე ეხება 2019 წელს მომხდარ გაუპატიურების მცდელობას. თავდაპირველად გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რასაც პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა და სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ 2019 წლის ზაფხულში ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 58 წლის მამაკაცმა ხუთი წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
მეზობლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 68 წლის მამაკაცი დააკავეს>>
შედეგად, სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და პედოფილიაში ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.