თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით 9 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა, იუწყება პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.
დაფინანსების მიღებაზე შესაბამისი წერილით თანხმობა განაცხადეს: ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია “ გაერთიანებულმა პარტიებმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „ევროპელი დემოკრატები“.
ასევე, დაფინანსების მიღების თაობაზე ცესკო-ში შესაბამისი თანხმობა წარადგინა ბლოკ „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელში“ გაერთიანებულმა ორმა პოლიტიკურმა პარტიამ: „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ და „კანონი და სამართალი“.
შესაბამისი თანხმობის წერილი დაფინანსების მიღებაზე საარჩევნო ადმინისტრაციაში წარადგინა „ევროპულმა საქართველომაც“.
ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებასაც“ მიმართა.
დაფინანსების მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანხმობის წერილის წარდგენის ვადა პოლიტიკურ პარტიებს სწორედ 25 ნოემბრამდე ჰქონდათ, თუმცა კანონის თანახმად ცესკო ვალდებულია, ის პარტიები, რომლებსაც თანხმობა ჯერ არ განუცხადებიათ, წერილობით გააფრთხილოს, რის შემდეგაც პარტიებს კიდევ სამი დღე მიეცემათ, რათა საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამისი თანხმობა წარადგინონ დაფინანსების მიღების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა. ამ მომენტისათვის, ცესკო-სთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს „პატრიოტთა ალიანსს“, „ლეიბორისტულ პარტიას“, „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „ლელოს“.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. მისი თქმით, უცნაურია, როდესაც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფები და ამავდროულად დაფინანსებას მოითხოვ.
„ეს ცოტა უცნაურად ჟღერს ჩემთვის. ერთი მხრივ, ბოიკოტი გქონდეს გამოცხადებული და მეორე მხრივ, დაფინანსებაზე განცხადებას ავსებდე, ეს ძალიან გაუგებარია და ეს არის სწორედ, რაც ჩვენ სხვებისგან განგვასხვავებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის შემდეგ საპროტესტო აქციებს არ წყვეტს, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ვითარების მოგვარებას დასავლეთის დიპლომატიური მისიები ცდილობენ, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციები პრაქტიკულად უცვლელი რჩება.
მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ჩატარების თარიღი ჯერ უცნობია. გასულ კვირაში დასავლელი დიპლომატები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდნენ. ეს ერთგვარი მომზადება იყო მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის.
საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შედის, საიდანაც რვა ოპოზიციურია, მაგრამ ისინი პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ.
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას ცდილობენ>>
მმართველ პარტიაში არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ის თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარდა, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმაც აღნიშნეს.